წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება

წილკანში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უსამძიმრებენ.

ოჯახს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა  ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიუსამძიმრა. სამხედრო ჩინოსნის განცხადებით, ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა და ხელისუფლება დამნაშავეების დასასჯელად გააკეთებს ყველაფერს. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა მცხეთა მთიანეთის გუბერნატორიც. ლევან ზაუტაშვილმა დაადასტურა, რომ ტატუნაშვილის ცხედარს ძალადობის კვალი ეტყობა.

დაღუპულის ოჯახს იუნკერებმა და კრწანისის სასწავლო ცენტრის ჯარისკაცებმა  მიუსამძიმრეს. ტატუნაშვილის სახლში ჩავიდნენ პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ჯარისკაცებიც – იმ ბატალიონის, რომელშიც წლების წინ არჩილ ტატუნაშვილი მსახურობდა.

სამძიმარი გამოთქვეს ასევე  თბილისის „დინამოსა“ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიუსამძიმრეს.

„ჩვენი ვალია, დღეს აქ ვიყოთ და მივუსამძიმროთ ოჯახს. რაც შეგვიძლია, ის უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა, მაგრამ როდესღაც ეს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.

გუშინ სოფელ წილკანში სამძიმარზე იმყოფებოდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიც.

Картинки по запросу არჩილ ტატუნაშვილის პანაშვიდიოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ და ოჯახის სხვა წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს. ოთხოზორიას დედა ამბობს, რომ მისთვის ეს ნაცნობი ტკივილია.

“კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, მის მშობლებს, მათი ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია. ზუსტად 1 წლისა და 10 თვის წინ ჩვენც შვილი ასე ვერაგულად მოგვიკლა მტრის ტყვიამ. მასაც არ აპატიეს, რომ ქართველი ადამიანი დაიცვა, ქართული პასპორტი დაიცვა და ყველას თვალწინ 6 ტყვიით ჩამიცხრილეს. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ეს ოჯახი, ნაწამები შვილის ცხედარი 26 დღის შემდეგ ძლივს მიიღეს, რომ მოფერებოდნენ და მისთვის საკადრისი პატივი მიეგოთ. თუ ესენი ვერ დასჯიან მკვლელებს, უფალს ვერავინ დაემალება, დაისჯებიან”,- განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

image_pdfimage_print

Comments

comments