ჟენევის მოლაპარაკებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

Картинки по запросу Грузия Россияსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით, რისი აუცილებლობაც კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით.

მონაწილეებმა საქართველოდან  ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის საჭიროება,როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით.

“თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან დაგმეს იძულებით გადაადგილებული პირის, არჩილ ტატუნაშვილის, უკანონო დაკავება და სიცოცხლის ხელყოფა. მათ არაჰუმანურ ქმედებად შეაფასეს ოჯახისათვის ცხედრის გადაცემის თითქმის ერთი თვით დაყოვნება. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა არის გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებზე რუსეთისა და მისი  საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უმოქმედობის და ამ გზით ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის წახალისების შედეგი.

ქართველმა მონაწილეებმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მონაწილეებმა საქართველოდან რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს არ შეუქმნას დაბრკოლება გამოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას.

ინტენსიური დისკუსია შედგა ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განცხადების პროექტთან დაკავშირებით. მონაწილეებმა საქართველოდან კვლავ განმარტეს, რომ ამ განცხადების მიღება უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს, კერძოდ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პროცესის დაწყებას. ქართველი და ამერიკელი მონაწილეების მიერ ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და მისი შესრულების უზრუნველყოფის აუცილებლობას.რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით მიმდინარე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე,”- აღნიშნულია  განცხადებაში.

მხარეები ძალის გამოუყენებლობის ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ. რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ  საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის იმედისმომცემი განცხადების მიუხედავად,  თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა “პროპაგანდისტულ აქციად” აქციეს.  „საქართველოს არ აქვს უნარი დაარეგულიროს ურთიერთობა სოხუმთან და ცხინვალთან და შეეცადა პასუხისმგებლობა რუსეთისთვის დაეკისრებინა“.–აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი2018 წლის ივნისში გაიმართება.

image_pdfimage_print

Comments

comments