9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა

Картинки по запросу 9 აპრილი1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. მაშინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას  21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები ღამიდან იკრიბებიან და 29 წლის წინ მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულებს იხსენებენ. მემორიალი გვირგვინით შეამკეს  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტის წევრებმა და საზოგადო მოღვაწეებმა.

“დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ საშინელ ღამეს როცა ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში აჩეხეს ჩვენი ქალები და ბავშვები. როცა საუბარია იმის თაობაზე, რომ ცივი ომი დასრულდა მშვიდად, მინდა ყველას გავახსენო, რომ აქ, საქართველოში, როცა მიმდინარეობდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, მათ შორის ამ ქალების და ბავშვების და ეროვნული მოძრაობით, ეს ომი აქ არ იყო ცივი. ამ ომს მაშინ ეწირებოდნენ ჩვენი მოქალაქეები. მადლობა მათ, რომ თავისუფალი ვართ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრემიერ–მინისტრის თქმით, დღევანდელი დღე ყოველთვის დარჩება სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლების ბრძოლის, თავგანწირვის სიმბოლოდ.

“განსაკუთრებულია ის კონსოლიდაცია, რომელიც მოჰყვა 9 აპრილს, რომლის მსგავსიც არ მახსენდება. სწორედ ასეთი კონსოლიდაციით ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, უნდა ავაშენოთ ძლიერი საქართველო, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და დავრჩეთ ერთგული იმ იდეალების, რომლისთვისაც 9 აპრილის ღამეს ადამიანებმა თავი გასწირეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

1989 წლის 4 აპრილს მოეწყო ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, ხოლო მთავრობის სახლის წინ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა და აქციის სხვა მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს.  7 აპრილს თბილისში შევიდნენ საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი და  საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები.

9 აპრილს, 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ტელევიზიით კომენდატის საათის ამოქმედების შესახებ მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე მიეწოდა. აქციის დარბევა დილის 4 საათზე დაიწყო, რომლის დროს  ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენეს. შედეგად დაიღუპა  21 ადამიანი, ხოლო ათასობით მოქალაქე მოიწამლა.

image_pdfimage_print

Comments

comments