კოალიციურმა ძალებმა სირიაში 105 სარაკეტო იერიში მიიტანეს

პენტაგონის ოფიციალური განცხადებით, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში ქიმიური იარაღის მწარმოებელ ობიექტებზე 105 სარაკეტო იერიში მიიტანეს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ სპეცოპერაციით სირიის ხელისუფლების ქიმიური იარაღის პროგრამას “რამდენიმე წლით” ბოლო მოეღო.

პენტაგონში თვლიან, რომ სირიას კიდევ დარჩა რესურსი ქიმიური იარაღის წარმოებისთვის, თუმცა მის ინდუსტრიას სერიოზული ზიანი მიადგა. გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის სამხედროები რუს კოლეგებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდნენ ავიაიერიშის განხორციელებმადე, მისი მიმდინარეობის დროსა და შემდეგ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იერიში რუსეთთან შეთანხმებული ან კოორდინირებული იყო.

“როგორც იცით, უკანასკნელ თვეებში მუდმივად მოქმედებს კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმი. ის მუშაობდა დარტყმამდე, მის შემდეგაც და მომავალშიც იმუშავებს,” – განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურების კომიტეტის წარმომადგენელმა გენერალ-ლეიტენანტმა კენეტ მაკენზიმ.

14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.   მთავარ სამიზნეებად იქცა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დამასკოში, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია ქიმიური იარაღის შექმნასთან, ასევე ორი საწყობი პროვინცია ჰომსში. BBC-ის ცნობით, მოკავშირეების იერიში სირიაში რუსეთის პოზიციებს არ შეხებია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ავიერიში დადებითად შეაფასა და “მისია შესრულებულად” გამოაცხადა.

“იდეალურად შესრულებული დარტყმა გასულ ღამეს. მადლობა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს სიბრძნისა და მათი შესანიშნავი შეიარაღებული ძალების სიძლიერისათვის. უკეტსი რეზულტატი არ შეიძლება ყოფილიყო! მისია შესრულებულია.ამაყი ვარ ჩვენი შესანიშნავი შეიარაღებული ძალებით, რომლებიც ასე სწრაფად, მილიარდობით სწორად დახარჯული დოლარების შემდეგ, გახდებიან საუკეთესონი, რომლებიც ოდესმე ყოფილან ჩვენს ქვეყანაში. არავინ და არაფერი შეგვედრება ჩვენ!” – წერს ტრამპი Twitter-ში.”

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის მხარე ავრცელებს. სატელეფონო საუბრის დროს მეიმ ერდოღანს ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციის შედეგები გააცნო. თურქეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო წინ უნდა აღუდგეს ბაშარა ასადის ძალადობას, რომელსაც ის ახორციელებს როგორც ქიმიური, ასევე ჩვეულებრივი იარაღის მეშვეობით. მან ასევე განაცხადა, რომ სირიაში სტაბილურობისა და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად აუციელებელია კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება.

 

image_pdfimage_print

Comments

comments