საზოგადოების ნაწილი საბურთალოზე ახალი ესტაკადის მშენებლობას აპროტესტებს

“დღეს ვიწყებთ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ეს არის ახალი სატრანსპორტო კვანძი. ამ პროექტის განხორციელება დაახლოებით 2 700 000 ლარი დაჯდება და ხუთ თვეში დასრულდება. მოეწყობა ორდონიანი კვანძი გზაგამტარი,რომელიც უზრუნველყოფს ცინცაძე – კარტოზიას ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას. ასეთი პროექტები საჭიროა, რომ ადამიანების კომფორტი და ურბანული საჭიროებები მოწესრიგებული იყოს. შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას.”– განაცხადა კახა კალაძემ.

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩებზე ორდონიანი ესტაკადის მშენებლობას სამოქალაქო საზოგადოება აპროტესტებს. ინფორმაციას bm.ge  ავრცელებს. ორგანიზაცია „იარე ფეხით“ 19 აპრილს თბილისის მერიის შენობის წინ საპროტესტო აქციას აანონსებს სახელით „SOS დროა ვიმოქმედოთ იპოდრომის გადასარჩენად“. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, თბილისის მერის პოლიტიკა მხოლოდ მძღოლების უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.

„აღმაშფოთებელია კახა კალაძის განცხადება, რომელშიც იგი ქალაქ თბილისის მაცხოვრებლების მხოლოდ ერთი ჯგუფის – მძღოლების ინტერესებს ეხმაურება და მხოლოდ მათ უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნავს. არც ერთი სიტყვა ქვეითებზე და თუ რა საფრთხეებს შექმნის ხსენებული მშენებლობა მათი უსაფრთხოებისათვის. თბილისში ყოველწლიურად საშუალოდ 1000-ზე მეტი ქვეითი ზიანდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ხოლო 100-მდე იღუპება. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, კახა კალაძის განცხადება, რომ იგი არ მოერიდება არათუ ხეების გადარგვას, არამედ მოჭრასაც კი მიგვანიშნებს ძირეულად არასწორი პოლიტიკის გატარებაზე.“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ მერიაში 2 235 მოქალაქის ხელმოწერით პეტიციაც არის შესული.

image_pdfimage_print

Comments

comments