ჩვენზე საუკეთესო ქართველს გაუმარჯოს


Похожее изображениеრა თქმა უნდა, მე უბრალო მოკვდავს დღევანდელი საქართველოს მდგომარეობის, საერთო სურათის დახატვის, შექმნილი სიტუაციის ღრმა ანალიზის უნარი ნაკლებად გამაჩნია და არც ვაცხადებ ამის პრეტენზიას, მაგრამ პრინციპით „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“ ვბედავ ხმა ამოვიღო და თუ ჩემი „ნასროლი“ მიზანში მოხვდება (რისიც დიდი იმედი მაქვს), ალბათ, ჩემზე ბედნიერი კაცი მთელ დუნიაზე მეორე არ იქნება.

დიდი სულიერი გამოცდის ჟამი გვიდგას: გვშია და გვწყურია, გვცივა და გვეშინია, ვბორგავთ და ვარჩევთ თეთრსა და შავს და ვერ გაგვირჩევია. ვაკეთებთ იმას, რის უნარიც არ შეგვწევს და არ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა ვაკეთოთ. ვასწავლით ერთმანეთს ჭკუას და თვითონვე უჭკუოდ ვიქცევით:

უჭკუო ჭკუას მასწავლის! რეგვენი სიბრძნეს ქადაგებს!

ოი, განგებავ, სადა ხარ, რად არ დაადებ ყადაღებს?! (ბ.ტ.)

და აღზევდა უზნეობა. არადა სულ ახლახან არ იყო, როცა ჭეშმარიტი მამულიშვილის ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით სწორი გზით მივდიოდით. მან სწორედ ის კურსი აიღო, რომელსაც დიდი ნავსაყუდელის მამნიშნებელი შუქურისაკენ მივყავდით, მან უაღრესად საჭირო და უცილებლად სწორი აქცენტი გააკეთა მისი მშობელი ხალხის, ქართველი ერის სულიერ–ზნეობრივი პოტენციის ამაღლებაზე, რაც ესოდენ დაგვიქვეითდა, სამასწლოვანი მუხანათური „ძმობის“ პერიოდში.

 „ენა, მამული, სარწმუნოება“

აი, რა იყო და იქნება მაგისტრალური და ერთადერთი მაერთებელი გეზი, გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავართ. რამ შეაფერხა ჩვენი „გემის“ ტრიუმფალური სვლა აღებული კურსისაკენ? შევეცდები ამ კითხვის  პასუხად ორი ძირითადი თუ არა, ერთ–ერთი მიზეზთაგან დავასახელო.

  1. იმპერიის მეთაური ქვეყნის მამათმთავართა და შვილთა მგლური ბუნება და განწყობილება სხვა ქვეყნების მიმართ…

მახსოვს, მოსკოვში ვარ, ირან–ერაყის ომი დაიწყო, მოსკოვის გარეუბნიდან მივდივარ „დედაქალაქისკენ“, დინჯად დავდივარ ელექტრომატარებლის ვაგონიდან ვაგონში თავისუფალი სავარძლის სძებნელად და გავლით, ყურმოკვრით მესმის ასე 17–18 წლის ბიჭების საუბრის ნაწყვეტი: „ჩვენ რომ ირანშც ისე, როგორც ავღანეთში, დესანტი ჩაგვესვა, ირანი ახლა ჩვენი იქნებოდაო.“

  1. იმპერიის მცდელობას როგორმე გემრიელი და მსუყე ლუკმა არ გაუვარდეს ხელიდან/თუ პირიდან/, არავითარი წარმატება არ ექნებოდა, რომ ვასალი ქვეყნის შვილთა, ძე ცდომილთა აზვირთებული დაუოკებელი ამბიციები არა.

აქვე მინდა პარალელი გავავლო ზემოთხსენებულ „იმპერიის“  შვილთა და საქარველოს შვილთა იმავე ასაკის ორ ნაწილს შორის: ერთნი როგორ გვანან უფროს ძმათა შვილებს თავიანთი ბუნებით (მხედველობაში მაქვს ის ახალგაზრდები, რომლებიც ავტომატებით არბევდნენ კანონიერი ხელისუფლების მახარდამჭერ მანიფესტაციებს) და მეორენი, რომლებიც იმ ავადსახსენებელი მოვლენების წინა დღეებში მთავრობის სასახლის წინ ფიცს დებდნენ: „ზვიად გამსახურდიას დაწყებულ საქმეს არ ვუღალატებთ, ბოლომდე მივიყვანთ“.

ღელავს და ბობოქრობს საქართველო ღირსეულ შვილთა მიერ ნაჩვენები ნათელი გზით მავალი და „ქუდზე კაცი გამოსული“, ან იგივე შვილთა, ხოლო შვილთა ძე ცთომილთა მიერ ზურგში ლახვარ–ჩაცემული და ნირწამხდარი, და სუფევს განუკითხაობა „ამა ქვეყანასა შინა“: მოძმეთა კვლა და ძარცვა–გლეჯა, ურთიერთგაუტანლობა და შური. როცა ქართველზე ვინმე, იგივე ქართველი აუგს იტყოდა, პირში ვეცემოდი, შენ ხარ ასეთი–მეთქი? – არა, სხვები არიან ასეთებიო და იყო განკითხვა სხვათა. საკუთარი ნაკლის განკითხვა და აღმოფხვრის მცდელოა კი არა.

ბრძენ წინაპართა ნააზრევით ცხოვრების წესების უარყოფამ, კარგი, დადებითი ტრადიციების უგულებელყოფამ, იმპერიულ–კომუნისტური იდეოლოგიის მარწუხებმა გატეხა (ღმერთმა ნუ ქნას საბოლოოდ), გადააგვარა ქართველი კაცის სული და იმიტომაც ვართ ახლა ამ ყოფაში, რაშიც ვართ:

„კოკასა შიგან რაცა სდგას,  იგივე წარმოსდინდების“

ნუთუ ხსნა არ არის? ალბათ, არის: ქართული ოჯახის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ღვინის სმასთან დაკავშირებული რიტუალებია: ქორწილი, ნათლობა, ძეობა, დაბადების დღე, დაკრძალვა, ორმოცი, წლისთავი, სხადასხვა ოჯახური თუ რელიგიური დღესასწაულები.

არც ის იქნება „ჩემი“ აღმოჩენა, თუ ვიტყვი, რომ არსად ისეთი ტრფიალით არ ისმევა ღვინო, როგორც საქართველოში და ამ „ტრფიალის“ მიზეზი სწორედ ის ჯადოსნური სადღეგრძელოებია, რომლებიც, არცთუ იშვიათად, ცოტა „ზედმეტსაც“ მიგვართმევინებს ხოლმე, გვინერგავს სიკეთისა და სიყვარულის გრძნობებს, გვამეგობრებს და უფრო სათნოებს გვხდის, ვიდრე ვართ. ერის მომავალი (ძე თუ ასული) ოჯახში იზრდება, ხედავს და ითვისებს ავსაც და კარგსაც, უყალიბდება საკუთარი ფილოსოფიური შეხედულებები და რამდენადაც მაღალზნეობრივ  დონეზე  უმწიკვლობის, პატიოსნების, სტუმარმასპინძლის ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულის ატმოსფეროა გამეფებული ოჯახში, იმდენად ამაღლებული სულის, მრავალი ღირსებით შემკული იზრდება მომავალი თაობა.

მოკრძალებით მინდა შემოგთავაზოთ სადღეგრძელო –  ჩვენზე უკეთეს ქართველს გაუმარჯოს, ყოველ ქართულ ოჯახში დასამკვიდრებლად…

და ჰკითხავს აუცილებლად მოზარდი მამას:

– მამა ვინაა ჩვენზე უკეთესი ქართველი?

მამა შეკითხვითვე კმაყოფილი გადაეხვევა თავის პირმშოს და აუხსნის:

–  ჩვენზე უკეთესი ქართველი იგია, შვილო, ვინც ჩვენზე ტანადი და თვალადია, ვინც ჩვენზე ჭკვიანი და გონიერია, ვინც ჩვენზე ძლიერი და ღონიერია, ვინც ჩვენზე უკეთ დარბის და ცურავს, ჭიდაობს და კრივში თავს იჩენს… ვინც ჩვენზე უკეთ ცეკვავს და მღერის, შრომობს და წერს, თამაშობს ჭადრაკს, ვისაც ჩვენზე მეტად უყვარს სამშობლო ქვეყანა, მოყვასი და მთელი მისი არსებით იღვწის მისი კეთილდღეობისთვის, ვინც ჩვენზე უკეთ დახვდება მომხვდურს და მეხად თავს დაატყდება  შინაურ თუ გარეშე მტერს, ვისაც სამშობლოს ბედი ყოველგვარ პირადულზე მაღლა დაუყენებია და საქმით, ბრძოლით, შრომით ამტკიცებს ამას, აღაგზნებს სხვებსაც, ამ მრწამსით იცხოვრონ.

 ზვიად გამსახურდიას უკეთესობა ვერ აიტანეს მისმა ოპონენტებმა და იმიტომაც „დაკორტნეს“. იმიტომაც ვართ კარგ დღეში!

წამით თავი დავანებოთ ბატონ ზვიადს და მის „ოპონენტებს“ და გადავხედოთ ერთმანეთს.

თითქმის ყოველი მეათე ქართველი (ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე) ვერ იტანს  მასზე უკეთესი ქართველის არსებობას და ყოვლად მიუღებელი, ამორალური გზით  ცდილობს გაუსწროს მას და თავად წარმოჩინდეს, თორემ პატიოსანი გზით  უკეთეს მოყვასთან გატოლება  მისი ღირსებების დონემდე საამაყოა, როგორც პატიოსან სპრინტულ ორთაბრძოლაში გამარჯვება.

მინდა დავძინო, სადღეგრძელომ რომ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინოს.

უნდა შეივსოს  ასეთნაირად: – ჩვენზე უკეთეს ქართველს გაუმარჯოს, ვინც ყოფილა ამ ქვეყანაზე, ვინც არის ამჟამად  და ვინც იქნება შემდგომში, ე.ი. წარსულშია, აწმყოში და მომავალში. როცა ყველა ქართველის  გულში და სულში, სისხლსა და ძარღვში ღრმად გაჯდება  მასზე უკეთესი ქართველის სიყვარული, რომელიც, რა თქმა უნდა, ღვთის დიდი სიყვარულითა და რწმენით, ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებითა და მოყვასთან ქრისტიანული თანაცხოვრების უალტერნატივო პრინციპებით იქნება განმტკიცებული,  არსებობს კი რაიმე ძალა ჩვენი დამმარცხებელი? – რა თქმა უნდა, არა.

მაშ თქვენ გაგიმარჯოთ, ჩვენზე უკეთესო ქართველებო, და თქვენი ერთურთის სიყვარულით და პატივისცემით  შედუღაბებულ, უძლეველ საქართველოს გაუმარჯოს. თქვენი, ჩვენზე უკეთესი ქართველის სიყვარულით  განმსჭავლული და რწმენით აღვსილი იმიჯი რომ ყოველივე ზემოთქმული მიღებული და გათავისებული, უმაღლეს დონეზე გაცნობიერებული იქნება  ქართველი ხალხის მიერ.

უკვდავია ქართველი ერი, მრავალ უარყოფითთან ერთად მაინც სიკეთის ძარღვი ჭარბობს მასში და ხარობს ნერგი კეთილისა…

მაშ, გაუმარჯოს ჩვენზე უკეთეს ქართველს! ერის უკვდავების საიმედო გარანტს.

სულ მოკლე დროში.

თქვენთან ერთად იმას ვისურვებდი, რომ ჩვენი ერის უკეთეს შვილებს (მტყუანებს თუ ცამდის მართლებსაც) საერთო ენა გამოენახოთ, „დიდი“  ხელშეკრულების  დადების ნაცვლად, დიდი შერიგება მოეხდინოთ და ჩვენც ერთად შეგვესვას გამთლიანებული, ერთ მუშტად შეკრული და სიყვარულით სავსე საქართველოს სადღეგრძელო.

პეტრე (ბონდო) ტონია

27.03.93 წ.