სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობა განისაზღვრა

ასე, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისას ან შეუსრულებლობისას პირი 500 ლარით დაჯარიმდება. თუ ეს ნორმები ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში დაირღვა, მაშინ ჯარიმა 1000 ლარია. დღევანდელი კანონით ჯარიმა 50 ლარიდან 200 ლარამდეა.

შიდახანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგებისთვის, ელექტროდანადგარებისათვის, ელექტროტექნიკური პროდუქტებისა და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისას ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 1000 ლარი იქნება.

შენობაში საევაკუაციო გზებისათვის, საევაკუაციო და ავარიული გასასვლელებისათვის, ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის, ევაკუაციის მართვისა და კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაუცველობა დაჯარიმდეა 1000-დან 5000 ლარამდე. დღეს ამისთვის ჯარიმა 200 ლარია.

300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ის ფაქტიც, თუ დამამზადებლის (მომწოდებლის) მიერ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის ხანძარსაშიშროების მაჩვენებლების შესახებ ან მათი გამოყენებისას მისაღები სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაცია არ იქნება შეტანილი (თუ სავალდებულოა ასეთი ინფორმაციის შეტანა).

პროექტის მიხედვით, კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ან შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდება კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მესაკუთრე 5000 ლარიდან 10000 ლარამდე.

სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 1000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული ხანძრის ჩასაქრობად, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციის ზონაში დაგვიანებით გაგზავნაზე.

საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.რამდენიმე დღის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ სახანძრო უსაფრთოხების ნორმების დაუცველობისა და დარღვევის გამო ჯარიმები, ზოგ შემთხვევაში, 1000%-ით გაიზრდებოდა.

“ინტერპრესნიუსი”

image_pdfimage_print

Comments

comments