“მაინტერესებს, რატომ არ დადო შუალედური ექსპერტიზის დასკვნა სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ”

Похожее изображениеარჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშრებით  “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ხელისუფლებას საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის იურისტების განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სარჩელის გაგზავნა ჭიანურდება, ხოლო  საქართველომ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და სამედიცინო დოკუმენტების გადმოცემის საკითხი ყველა საერთაშორისო ფორმატში უნდა დააყენოს.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ავალიანი ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„სამხარაულის ეროვნული ბიურო ორ თვეზე მეტია აწარმოებს ექსპერტიზას და ოჯახს არ აქვს ინფორმაცია მის შედეგებთან დაკავშირებით. გამოძიების მასალებს როცა გავეცანით იქ იყო სამხარაულის ექსპერტიზის წერილი, რომელიც გამოძიებას სთხოვს, რომ გადასცეს ბიუროს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები. როგორც მოგეხსენებათ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ხელისუფლების არის ის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა და მეც როგორც მისი ოჯახის დამცველმა მედიისგან შევიტყვეთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს არ ჰქონდა შინაგანი ორგანოები“- აცხადებს ავალიანი.

უკმაყოფილებას გამოთქვამენ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებიც. გიორგი ტატუნაშვილი მოითხოვს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დროულად დადოს შუალედური დასკვნა. ტატუნაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი ნაწამებია და ეს ორგანოების გადმოცემის გარეშეც ცხადია.

“ჩემი შვილი იყო სასტიკად ნაწამები და ექსპერტიზის შუალედური დასკვნა რატომ არ დადეს, არ ვიცი. შუბლზე ნატყვიარი ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, ხელები დამტვრეული ჰქონდა და თითებიც ხელმეორედ აქვს აწყობილი. ორგანოების გარეშეც თვალნათლივ ჩანს, რომ ჩემი შვილი ნაწამებია და ამის ამსახველი ფოტოებიც მაქვს ტელეფონში.  რატომ არ დადო შუალედური ექსპერტიზის დასკვნა სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ, საინტერესოა ჩემთვის“- აცხადებს არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი.

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში 22 თებერვალს დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა ოჯახს  ცხედარი  გადასცა, რომელსაც  წამების კვალი აღენიშნებოდა.

image_pdfimage_print

Comments

comments