გიორგი მარგველაშვილი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის


საქართველოს პრეზიდენტი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის და აღნიშნავს, რომ ნარკოტიკი კატასტროფაა და მას მიაქვს ან მყისიერად ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ან გარკვეული დინამიკით სოციუმს აშორებს და ღუპავს ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს. მისი თქმით,  ამას  სჭირდება აღიარება ყოველგვარი პოლიტიზაციის გარეშე  და  კამპანია, რომელიც უნდა წარმოებდეს ნარკოტიკის წინააღმდეგ.

“კამპანია უნდა აწარმოონ არა ჩემნაირმა ადამიანებმა, არა რაღაც ჯგუფებმა, რომლებსაც არ შეესვლებათ ამ ახალგაზრდობის გულებში, არამედ კამპანია უნდა აწარმოოს სწორედ ხელოვნების წარმომადგენლებმა, იმ მუსიკოსებმა, მხატვრებმა და იმ სოციუმის წარმომადგენლებმა, რომლებიც ლაპარაკობენ თანამედროვე ენაზე. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენ გამოვალთ ინიციატივით, რომ კლუბური მუსიკის, ელექტრონული მუსიკის, ამ ხელოვნების წარმომადგენლებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ აწარმოონ ანტინარკოტიკული კამპანია. ფაქტი, რომ ნარკოტიკი ცუდია, ყველამ იცის, მაგრამ შენ იმ ენაზე, მათთვის გასაგებ ენაზე, იმ კულტურაში შეიტანო ეს კამპანია და ამ კამპანიას უნდა აწარმოებდნენ „ელექტრონშიკები“, „ქლაბერები“, ის ხალხი, ვინც იმ სფეროში ტრიალებს და ეს უნდა იყოს „ანტიდრაგ“ კამპანია, რომელსაც რაღაც ფორმით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში ლიბერალური უნდა იყოს, არ უნდა მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების დესოციალიზაცია და არ უნდა მოვტაცოთ ჩვენი მოქალაქეები ნორმალურ საზოგადოებრივ პროცესს, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა ნარკომომხმარებლების, არამედ ნარკოდისტრიბუტორების მიმართულებით.

“ჩვენ ვნახეთ, რომ რვა ადამიანი არის დაკავებული ნარკორეალიზაციის ბრალდებით. თუ ეს ბრალდება დამტკიცდება, ისინი არიან ასე ვთქვათ ქუჩის დილერები, გამყიდველები, ამ შემთხვევაშიც და ყველა შემთხვევაში, ნარკოტიკთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან ორგანიზატორზე, შემომტანზე და ზევით. ეს უნდა იყოს გამოძიების მიმართულება და ასეთ შემთხვევაში ჩვენ რეალურად ნარკოდანაშაულზე გვექნება სერიოზული პასუხი“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.