პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს დღეს სასახლეში გამართული შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისაგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა გამოძიებისა და ექსპერტიზის მიმდინარეობის შესახებ. ასევე შეხვედრისას საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შესატან სახელმწიფოთაშორის განაცხადს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი უნდა შეიტანოს.

“ჩვენ დღეს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მადლობას ვუხდით ასეთი გმირი შვილის გაზრდისთვის, იმისთვის, რომ თქვენ სამშობლოს გაუზარდეთ მებრძოლი ჯარისკაცი, რომელიც იცავდა ჩვენს ღირსებას, იცავდა ჩვენს ინტერესებს ქვეყნის გარეთ და ადამიანი, რომელიც ტრაგიკულად და გმირულად შეეწირა თავის სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს დაცვას” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.

image_pdfimage_print

Comments

comments