აშშ–ში დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის საკითხი დააყენა

Фото დიმიტრი ქუმსიშვილი / Dimitry Kumsishvili.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანთან უილბურ როსთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარებისა და ამ პროცესში ამერიკის სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის საკითხი დააყენა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე და იმ სატრანსპორტო დერეფნებზე (ტრასეკა; ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, იგივე შუა დერეფანი; ლაპის ლაზური; სპარსეთის ყურე – შავი ზღვა და სხვ.), რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

აღინიშნა საქართველოს მთავრობის დიდი ძალისხმევა, რომელიც საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით ხორციელდება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ პროექტებზე, როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, რომელიც არსებული ტვირთბრუნვის გასამმაგების შესაძლებლობას იძლევა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და სხვ.

“უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე ჩატარებულმა მისიებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამერიკული ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ, შედეგად, ყოველწლიურად იზრდება სავაჭრო მისიებში ამერიკის კერძო სექტორის მონაწილეობა.გარდა ამისა, ბატონ როსს საქართველოში კომერციის ოფისის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა შევთავაზე, რომლიდანაც სამხრეთ კავკასია და რეგიონის სხვა ქვეყნები დაიფარება. სადღეისოდ, ოფისი, რომელიც საქართველოს და რეგიონს ფარავს, თურქეთში მდებარეობს. “- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკული კომპანიების – „კონტი ჯგუფისა“ და მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორი კომპანიის „SSA Marine“-ის მონაწილეობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გლობალურ პროექტში. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოს გავლით აზიიდან ევროკავშირის მიმართულებით ნავთობისა და ბუნებრივი აირის სატრანზიტო მიმართულებების განვითარებაზე.

image_pdfimage_print

Comments

comments