რუსთაველის გამზირზე 800-მდე სხვადასხვა სახეობის ბუჩქი დაირგო

Фото თბილისის მერია / Tbilisi City Hall.დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს. საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე არსებულ თარგებში, 3975 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 800-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი დაირგო.

სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, რუსთაველის გამზირის გასამწვანებლად სხვადასხვა მცენარეები, მათ შორის,  ფოტინია, წყავი, წვრილფოთოლა ბზა, მარადმწვანე ბზა, ზეთისხილი, ევროპული ჭყორი, უთხოვარი, ლეილანდისკუპრესოციპარისი, კოწახური და ღვია შეირჩა.

კომპანია „მაგთის“ შენობის წინ მდებარე თარგში ოთხი ძირი ჭადარი, პარლამენტის შენობის წინ არსებულ სხვა თარგებში 12 ძირი ჩვეულებრივი უთხოვარი, 22 ძირი წვრილფოთოლა ბზა და ცხრა ძირი ფოტინია დაირგო. გამწვანების სამუშაოები რუსთაველის გამზირზე 26 მაისამდე დასრულდება.

დედაქალაქის ცენტრალური გამზირის მოწესრიგება და გამწვანება უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გაისხლა ხეები და მოწესრიგდა მწვანე თარგები, გამოიცვალა 1500 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 11 000 ძირზე მეტი დეკორატიული და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, ასევე, შეკეთდა შადრევნები.

image_pdfimage_print

Comments

comments