მედია და NGO–ები საპატრიარქოს აკრიტიკებენ

Похожее изображениеმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურებიან და მას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართულ გადაწყვეტილებას უწოდებენ. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ საპატრიარქოს ამ პოზიციას ხელისუფლებაც მხარს უჭერს.

„მათი მოთხოვნები, რომელსაც ძირითადად დიდი გავლენა აქვს ხოლმე ქართულ პოლიტიკაზე, შეეხება ისეთ საკითხებზე რეგულაციის დაწესებას, რომელიც დაცულია კონსტიტუციით. ეს არის გამოხატვის თავისუფლება. საპატრიარქოს, როგორც ერთ-ერთ დიდ ინსტიტუციას, რომელსაც საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი აქვს, ბუნებრივია აქვს გარკვეული გაუცხოვება და შიში კრიტიკის. ამიტომ ამ კრიტიკისგან თავის დაცვას ცდილობს არა სიტყვაზე სიტყვის პასუხით, აზრზე აზრის პასუხით, არამედ დუმილის დაწესებით,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

მეუფე იობის მიერ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ამბიონიდან შეჩვენების ფაქტს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო მეუფე იობის მიერ ამბიონიდან დაწყევლას ჩვენი ჟურნალისტის, რასაც დღემდე არ გაემიჯნა საქართველოს ეკლესია, მეუფე იობი ყველამ იცის ვინც არის, ის არის ცნობილი ანტიდასავლური მოღვაწე საქართველოში, რომელიც ავრცელებს ანტინატო, ანტიევროპა, ანტიამერიკა განცხადებებს და დითირამბებს უმღერის რუსეთს, ასეთ ხალხს მოუაროს ურჩევნია საქართველოს ეკლესიამ, ვიდრე საერო საქმეებში ჩაერევა და პოლიტიკურ დღისწესრიგს დაუყენებს საკუთარ თავს. მთავარი, ამ განცხადების შემდეგ, მთელი პასუხისმგებლობა რუსთავი 2-ის ნებისმიერი თანამშრომლის ფიზიკურ და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე ეკისრებათ ამ განცხადების ავტორებს და გამავრცელებლებს, კერძოდ საქართველოს საპატრიარქოს. მოვუწოდებ ყველა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის განყობილ სამღვდელო პირს, გაემიჯნოს ამ განცხადებას და დაგმოს საპატრიარქოში მოკალათებული ის შავრაზმული დაჯგუფება, რომელიც დღეს უფსკრულისკენ მიაქანებს საქართველოს ეკლესიას და ასევე უზარმაზარ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს“, – განაცხადა  ნიკა გვარამია.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ “რუსთავი 2”-ისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ეხმაურება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო.

Картинки по запросу საპატრიარქო და რუსთავი2

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მედიის და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის სამღვდელოებას და ყველა მოქალაქეს, “ვისთვისაც ღირებულია ეკლესია”, “რუსთავი 2-სთვის” ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. რაც არ უნდა კრიტიკულ და სხვა ჯგუფებისთვის მტკივნეულ თემაზე ამზადებდეს ჟურნალისტი გადაცემას, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. საპატრიარქოს მიერ მოწოდებული ბოიკოტი სწორედ ამ უფლების განხორციელებას უშლის ხელს, აგრესიის სამიზნედ აქცევს კონკრეტულ ჟურნალისტსა და ზოგადად მთელ მედიას. მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს “რუსთავი 2-ის” წამყვანზე სხვა გადაცემის გამო თავდასხმის პრეცედენტი, რა დროსაც 6 პირი დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი დღემდე არ დასრულებულა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ყოველწლიურად ათეულობით მილიონ ლარს საჯარო ფინანსებიდან ხარჯავს. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია. მისი საქმიანობის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ ითანამშრომლოს და არსებულ კითხვებს უპასუხოს მათ შორის “რუსთავი 2-ის”, როგორც ერთ-ერთი დიდი მაუწყებლის მეშვეობით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს ხელისუფლებას, რომელიც უნდა იყოს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება, ამასთან დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მაგალითი მისცეს საზოგადოების სხვა ჯგუფებს ამ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებით,“ – აღნიშნულია ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს თქმით ტელეკომპანიამ ღვთის მგმობი გადაცემა მოამზადა, სწორედ ამიტომ საპატრიარქო მოუწოდებს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქოს განცხადებით, სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ეკლესია და ფასეულობები.

image_pdfimage_print

Comments

comments