მოზარდების მკვლელობაზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

sasamartloდღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.  ერთი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში და გამართლდა დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში, მეორე ბრალდებული გამართლდა დადუნაშვილის ეპიზოდში და გამტყუნდა სარალიძის ეპიზოდში, თუმცა, გადაკვალიფიცირდა მუხლი და მას განაჩენი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოუტანეს.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველ ივნისს, 10:30 საათზე, გაიმართება. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავენ.

ერთერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის თქმით, დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირები, ვინც ნამდვილად განახორციელეს დავით სარალძის განზრახ მკვლელობა, არ არიან პასუხისგებაში მიცემული. სასამართლომ კი ვერ გაბედა რომ სრულად გაეზიარებინა დაცვის პოზიცია:

„განაჩენი ჩემთვის მოსალოდნელი იყო იმ კუთხით, რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით იმაში, სასამართლო იტყოდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მოუკლავს დავით სარალიძე. ფაქტობრივად სასამართლომ დაადასტურა ჩვენი პოზიცია. ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია.

დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირები, ვინც ნამდვილად განახორციელეს დავით სარალძის განზრახ მკვლელობა, არ არიან პასუხისგებაში მიცემული. ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განახორციელა ეს დანაშაული და არა სხვა პირებმა. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს მოტივაცია და ბიძგი, ვალდებულება იმისა, რომ საგამოძიებო ორგანომ შესაბამისი მტკიცებულებებით, რომელიც ნამდვილად არსებობს, პასუხისგებაში მისცეს რეალური დამანაშავეები და არ შეეცადოს, რომ სხვა ადამიანების ქმედება მიაწეროს იმ პირს, რომელსაც ეს არ ჩაუდენია.

სასამართლომ ვერ გაბედა სრულად გაზიარება დაცვის პოზიცია, იმიტომ რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არა მარტო განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია, ამის მცდელობაც არ ქონია. მე მაინტერესებს როგორ დაასაბუთებს ამას სასამართლო. პროკურატურა ჩიხში შესულია,“- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ

სასამართლოს განაჩენს და გადაწყვეტილებას ბუნდოვანს უწოდებს საქმის პროკურორი. მარიკა გოგოხია  განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს:

„საქმეში არსებობდა მტკიცებულებები იმისა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი ბრალდებული იღებდა მკვლელობაში უშუალო მონაწილეობას, რომლებსაც წარედგინათ შესაბამისად ბრალდება, 109-ე მუხლით რაც არის გათვალისწინებული.  შესაბამისად ჩვენ გვქონდა ყველა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა აღნიშნულ ბრალდებას.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის გაურკვეველი, ბუნდოვანი და მას შემდეგ, რაც სასამართლო მოგვაწოდებს ჩვენ განაჩენის სრულ ვერსიას, მისი დასაბუთების შესაბამისად, გახდება ჩვენთვის ცნობილი იმ მტკიცებულებებზე რა იმსჯელა მოსამართლემ, რომელი გაიზიარა და რომელი არ გაიზიარა. თუმცა, მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა ეწეროს სასამართლოს განაჩენში, ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა მტკიცებულება მიუთითებდა სწორედ იმ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რომელიც ამ ორ არასრულწლოვანს ჰქონდა ბრალად წარდგენილი.  შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადა მარიკა გოგოხიამ.

არასრულწლოვნების მკვლელობაზე სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:

„ მინდა, დიდი იმედი გამოთქვა, რომ საერთო ჯამში მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს  – არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას. როდესაც ორი ადამიანი, ორი ბავშვია მოკლული და ერთ შემთხვევაში დგება დასრულებულ დანაშაულზე განაჩენი და მორე შემთხვევაში მცდელობაზე,  აშკარაა, რომ საქმე ბოლომდე არის მისაყვანი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ თქვენგან განსხვავებით აპრიორი არც ერთ მხარეს არ ვუცხადებთ ნდობას.  ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გაირკვეს და საბოლოოდ უნდა დადგეს სამართლიანი განაჩენი. ეს არის ჩვენი პოზიცია,” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

image_pdfimage_print

Comments

comments