საქართველოში ბირთვული და რადიაციული კონტროლის საკითხებზე სწავლება დაიწყო

ღონისძიებას მასპინძლობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სწავლების პრაქტიკული ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრში გაიმართება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მონაწილე სექტორებსა და სახელმწიფოებს შორის რეგიონულ თანამშრომლობას.

მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ შეამოწმონ ბირთვული და რადიაციული მასალების გამოვლენის კუთხით არსებული რესურსები და რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული კოორდინაციის შესაძლებლობები. სწავლებას შეაფასებენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ინტერპოლის, ნორვეგიის რადიაციული დაცულობის ორგანიზაციის, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სწავლება ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევითი ინსტიტუტის და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის პარტნიორობით.

image_pdfimage_print

Comments

comments