კახა ბექაური: "ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხი ძალიან დაბალია, ფასები კი მაღალი"


Похожее изображениеკომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხი ძალიან დაბალია, ფასები კი – ძალიან მაღალი. 

მისი თქმით, კომუნიკაციების კომისია, ხარისხის გაზრდისა და ფასის კლების მიზნით ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობს.

„როდესაც ვამბობ, რომ ფასები მაღალია, კმაყოფილი არ ვარ იმით, რომ მაღალი ფასები თუნდაც რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შედარებით გვაქვს და რამდენიმე ქვეყანაში ინტერნეტი ჩვენზე იაფია. მსოფლიო მასშტაბით, პირველ ათეულში ვართ. შესაბამისად, კომისია ბოლო ერთი წელიწადია, პრაქტიკულ ქმედებებს აქტიურად ახორციელებს იმ თვალსაზრისით, რომ ინტერნეტის ხარისხმა აიწიოს და ფასებმა დაიწიოს”, – განაცხადა ბექაურმა.

კომისია ხელს უწყობს ბაზარზე ახალი ინტერნეტის მიმწოდებელი გლობალური მოთამაშეების შემოყვანას.

„ასევე, ინტერნეტის ხარისხის კონტროლს ვგეგმავთ. ყველა პროვაიდერს ვალდებულება აქვს, რომ 15 აგვისტომდე მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეცვალონ და მასში ინტერნეტის ხარისხის პარამეტრები შეიტანონ. პირველი სექტემბრიდან კი, მათ ხარისხის ის პარამეტრები უნდა დაიცვან, რა ვალდებულებებსაც ხელშეკრულებით აიღებენ. შემოწმების საშუალება თავად მომხმარებელსაც ექნებათ და ამას კომისიაც გააკონტროლებს”, -აღნიშნა კახა ბექაურმა.

კონკურენციის გაზრდის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ფასების კლებას, კომისიამ საჯარო ტენდერით კომპანია დაიქირავა, რომელიც საბითუმო ინტერნეტ ბაზარზე ტარიფის გამოთვლას ახორციელებს.

„ამ სამუშაოს დასრულებისთანავე  გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ მაგისტრალური ქსელის მფლობელ  ინტერნეტის მიმწოდებელ ოპერატორებს ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი დავაკისროთ. ჩვენ ველოდებით, რომ საბითუმო ბაზარზე ხარჯზე ორიენტირებული ტარიფის დადგენა ბაზარზე საცალო ტარიფებს შეამცირებს”, – განმარტა კახა ბექაურმა.

მისი ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 10 პროცენტით გაიზარდა. ინტერნეტის მომხმარებელია დაახლოებით 700 ათასი ოჯახი. მთლიანი ბაზარი კი, მილიონზე მეტ მომხმარებელს მოიცავს.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინტერნეტის ფასები დაახლოებით 60 პროცენტით შემცირდა. ამიტომ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციაც მაღალია და მეოთხე ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ პროდუქტებიც კარგია. მობილური ინტერნეტის ფასებმა დაიწია. შესაბამისად, მაღალტექნოლოგიური სერვისებიც ვითარდება”, – განაცხადა კახა ბექაურმა.

1tv.ge