პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ზაზა სარალიძეს შეხვდა

Похожее изображениеთბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მასალების გამოთხოვის მიზნით, დროებითი საპარალამენტო საგამოძიებო კომისიიდან შესაბამის უწყებებში წერილები უკვე გაიგზავნა. კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ მასალებს კომისია უმოკლეს ვადაში მიიღებს და გამოკვლევა დროულად დაიწყება.

„წერილი გაიგზავნა ყველა შესაბამის უწყებაში, რომ რაც შეიძლება მალე, ყოველგვარი დაგვიანების გარეშე მასალები მოვიდეს ჩვენთან კომისიაში. საუბარია ერთ-ორ დღეზე. ვინმეს თუ რამე ილუზია აქვს რომელიმე უწყებაში, რომ მასალას არ მოგვცემს ან დაგვიგვიანებს, ეს უნდა დაივიწყოს ყველამ. უმოკლეს ვადაში, ერთ-ორ დღეში ყველა მასალა იყოს ხელმისაწვდომი კომისიისთვის აქ, პარლამენტში“, – განაცხადა კაპანაძემ.

პროკურატურის საქმის მასალები 14 ტომისგან შედგება და კომისია ეცდება, მოცულობითი საქმე რაც შეიძლება მალე შეისწავლოს.

დღესვე სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა.  საქმეზე უფრო დეტალურად სასაუბროდ  კი, სარალიძე პარლამენტში ხვალ ადვოკატთან ერთად მივა.

„ზაზა სარალიძე თვითონ დააფიქსირებს პოზიციას კომისიასთან მიმართებაში და თქვენ თვითონ განსაჯეთ, აქვს თუ არა მას ნდობა. მასთან სახლში ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ძალიან ბევრ დეტალზე ვისაუბრეთ, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხვალ ადვოკატთან ერთად მოვა“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. სხდომაზე დამტკიცდება დებულება და განისაზღვრება შემდგომი სამოქმედო გეგმა, მათ შორის კომისიის მიერ გამოსაკითხ პირთა დაახლოებითი სია.

image_pdfimage_print

Comments

comments