შეხვედრა ერგნეთში კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

Похожее изображениеერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ქართულმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალი წარმომადგენლებისგან ინფორმაცია ისევ ვერ მიიღო.

შეხვედრაზე 9 საკითხი იქნა განხილული, თუმცა  მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისთვის ჩატარებული ექსპერტიზის შუალედური დასკვნა იყო. დასკვნის შესახებ ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს ქართულმა მხარემ სიტყვიერად მიაწოდა.

„ჩვენ მივაწოდეთ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე კატეგორიულად მოვითხოვეთ შინაგანი ორგანოების გადმოცემა. რაც შეეხება ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას, მატერიალური დოკუმენტი ჩვენ არ გადაგვიცია, ინფორმაცია მივაწოდეთ. შეხვედრა ისე დამთავრდა, რომ ყველა ძირითადი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა”, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ნიკოლოზ ანთიძემ.

ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს მათთვის ექსპერტიზის დასკვნა არ გადაუცია. დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ის ენდობა ოსური ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას და მან მხოლოდ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შეიტყო ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ.

“ექსპერტიზის დასკვნა მე არ მინახავს და არც მჭირდება, რადგან ჩვენ გვაქვს სამხრეთ ოსეთის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ყველაფერი ზუსტადაა აღწერილი და ჩემთვის ეს საკმარისია. ქართული საინფორმაციო საშუალებებით გავიგეთ, რომ ისინი ადასტურებენ დასკვნის არსებობას, სადაც სამხრეთ ოსეთის მხრიდან მიყენებულ დაზიანებებზეა საუბარი. ქართულ მხარეს არანაირი დასკვნა არ გადმოუცია და არ შემიძლია ამაზე საუბარი,”– აღნიშნა ეგორ კოჩიევმა.

თუ რატომ არ გადაეცა ოკუპირებულ რეჟიმს ქართული მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, ანთაძემ განაცხადა, რომ დასკვნა არის ქართულ ენაზე და შესაძლოა მათ ვერ მოეხერხებინათ მისი წაკითხვა.

image_pdfimage_print

Comments

comments