„ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ პოლიტიკა და მიდგომა რუსეთის ფედერაციასთან”

Фото საქართველოს პარლამენტი.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე ვრცალდ ისაუბრა ქართულ–რუსულ ურთიერთობებზე.

ირაკლი კობახიძემ  ყურადღება ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზეც გაამახვილა. მისი განცხადებით, ეს იყო კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას მოაქვს სიკვდილი და ადამიანის უფლებების ხელყოფა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის.

“ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე წითელი ხაზები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას, პრაგმატულ პოლიტიკას უკავშირდება. ეს წითელი ხაზები დაკავშირებულია ორ მთავარ საკითხთან: პირველი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს წითელი ხაზი არასდროს იქნება გადაკვეთილი ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების მიერ;  და მეორე- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე„საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით“

მისი თქმით, სამ ქვეყანას საერთო გამოწვევები აკავშირებს, განსაკუთრებით, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო მატებს მნიშვნელობას ერთად დგომას.

„ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, განსაკუთრებით, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და ეს კიდევ უფრო მატებს მნიშვნელობას ჩვენს ერთად დგომას, რათა ერთად ვუპასუხოთ უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს და ჩვენი თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო განზომილება ამისთვის კიდევ ერთ შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენ ყველა რუსული აგრესიის მსხვერპლი ვართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პრაგმატულ პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ახორციელებს და რომელსაც ფართოდ უჭერენ მხარს ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. ირაკლი კობახიძის თქმით, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულებით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ვითარებაა.

„ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ პოლიტიკა და მიდგომა რუსეთის ფედერაციასთან და რუსეთთან ურთიერთობაში გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. ეს პროგრესი, ძირითადად, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება, ხოლო, რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ამ მხრივ ნულოვანი შედეგია. რუსეთი რჩება აგრესიულ ძალად და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მძიმე ვითარებაა.

მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ადამიანთა გატაცება თითქმის ყოველდღიურად ხდება. საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალის ციხეში იყო კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება არის არა გაყინული კონფლიქტი, არამედ ამ ვითარებას მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მოაქვს სიკვდილი და ადამიანის უფლებების ხელყოფა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ .

მისი თქმით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებენ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამ ქვეყანას სურს, შექმნას დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სისტემები.

„ჩვენი უკრაინელი და მოლდოველი მეგობრებიც იმავე პრობლემების წინაშე დგანან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სამივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოება იდგეს ჩვენთან ერთად. უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევა უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი ყურადღება მიაქციოს ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

image_pdfimage_print

Comments

comments