"რუსეთი ""G8" ფორმატიდან არ გამოსულა"


putiniჩინეთში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი “G8” ფორმატიდან არ გამოსულა და “დიდი შვიდიანის” ყველა წევრი მოსკოვში მიიწვია. 

” რაც შეეხება რუსეთის “დიდ შვიდიანში” დაბრუნებას – ჩვენ “დიდი რვიანიდან” არც გავსულვართ. თავის დროზე კოლეგებმა გარკვეული თვალსაზრისის გამო  რუსეთში ჩამოსვლაზე უარი განაცხადეს. ჩვენ ძალიან გაგვიხარდება  ყველა მონაწილეს ჩამოსვლა მოსკოვში,” –  აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

აშშ–ს  პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის არ უერთდება “დიდი შვიდიანის” საბოლოო განცხადებას. სამიტის პირველივე დღეს მან  განაცხადა, რომ „დიდი შვიდიანის“ შეხვედრას რუსეთიც უნდა დასწრებოდა. ფორუმში რუსეთის დაბრუნებას არ ეთანხმებიან სხვა მონაწილე ქვეყნები, მათგან ტრამპის ინიციატივას მხოლოდ იტალიის ახალმა პრემიერ–მინისტრმა დაუჭირა მხარი.

„დიდი შვიდიანის“ სამიტი კანადაში, ლა მალბიში 8-9 ივნისს გაიმართა.  სამიტის საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც სამიტის ყველა წევრი აწერს ხელს, მწვავედ აკრიტიკებს რუსეთს.

“დიდი შვიდიანი” მტრული  სახელმწიფოების საქმიანობის სწრაფი რეაგირების ახალი მექანიზმის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდა. ის ვარაუდობს გააფართოვოს დაზვერვის მონაცემების გაცვლა მის მონაწილეებს შორის. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებში უცხოური ჩარევა, ასევე სხვა ფორმის მტრული ქმედებები, წარმოადგენს სტრატეგიულ საფრთხეს ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ინტერესებისთვის“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა ტერეზა მეიმ.

მისი თქმით, შეთანხმება საჭიროა ინფორმაციის გაცვლისთვის, მოქმედების კოორდინაციისთვის და სტრატეგიის შემუშავებისთვის, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული სახელმწიფოები. მან მოუწოდა დიდი შვიდიანის მონაწილე ქვეყნებს მიიღონ დამატებითი ზომები, რათა „შეიზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა – შეარყიოს სისტემა, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“.

რუსეთი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს. მანამდე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატის აღდენის შესაძლებლობას ვერ ხედავს.