ბესელია – გოცირიძეს:"კობა დავითაშვილი და ვალერი გელაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტეთ"


ბესელია 4დღეს პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს უპასუხა, რომელმაც რუსთაველის გამზირზე და დეპუტატ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს უპრეცედენტო შემთხვევა უწოდა. ბესელიამ გოცირიძეს დეპუტატ კობა დავითაშვილის შესახებ ჰკითხა, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს დაშავდა და ასევე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი შეახსენა.

„ გასაგებად არის ახსნილი სამართლებრივად, რა მოცემულობასთანაც გვაქვს საქმე.  უფლება ვალდებულების გარეშე არ არსებობს და ვფიქრობ, ცოტა ბალანსი უნდა დავინახოთ უფლებასა და ვალდებულებას შორის, როცა ვსაუბრობთ, მათ შორის პარლამენტის წევრზე. რომან გოცირიძემ გააკეთა შეფასება, რომ თითქოს, მომხდარი უპრეცედენტო შემთხვევაა და მსგავსი არ ახსოვს ქვეყნის ისტორიას.

ბევრი ადამიანი უსმენს ბიუროს სხდომას და ალბათ, ვიღაცას მართლაც გაუჩნდებოდა განცდა, რომ იქნებ თქვენი გუნდის მხრიდან პარლამენტის წევრების მიერ განხორციელებული უპრეცედენტო მაგალითები  ვინმემ  შეგახსენოთ და იმ ვიღაცის მაგივრად მინდა შეგახსენოთ – რა უქენით კობა დავითაშვილს, პარლამენტის წევრი არ იყო 7 ნოემბერს? რა უქენით ვალერ გელაშვილს?“, – მიმართა ეკა ბესელიამ გოცირიძეს ბიუროს სხდომაზე, რომელმაც თავის მხრივ უმარვლესობის დეპუტატს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე შეახსენა და იგივე შინაარსის კითხვა დაუსვა.

ბესელიას განცხადებით, რომან გოცირიძის შეფასება საღ აზრთან ახლოს არ არის, ხოლო რუსთაველის გამზირზე ხალხის გამოსვლის მოტივაცია „ცალკე თემაა“.

1tv.ge