საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის მოლაპარაკების შედეგებზე


sagareoსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, 20 ივნისს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა. ქართული მხარის წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს რგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისკენ, რათა შესაძლებელი გახდეს ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარება.

მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე. საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების დადასტურების და შესრულების აუცილებლობას.

„ამ ფონზე რუსეთის ფედერაცია ჩვეული ცინიზმით შეეცადა წარმოეჩინა, თითქოს მას უკვე შესრულებული აქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მოლაპარაკებებზე აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის აუცილებლობაზე. ასევე საუბარი შეეხო რუსული მხარის პროვოკაციულ ქმედებებს, რაც კიდევ უფრო აბრკოლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განხორციელებას”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერება განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა ორივე სამუშაო ჯგუფში.

„საქართველოს წარმომადგენლებმა ეთნიკური წმენდის გაგრძელებად შეაფასეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულება უცხოელებადდარეგისტრირებაზე და მათი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შემდგომი შეზღუდვა. შეშფოთება გამოითქვა აგრეთვე გალისა და ახალგორის რაიონებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებთან დაკავშირებით.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე საგნობრივი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე. მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე: „კონფლიქტთან დარეგულირების პროცესებში დამკვიდრებული პრაქტიკა და პრინციპები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი 19-20 ივნისს გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგები შეაფასა რუსეთის საგარეო უწყებამ. მარტის ბოლოს ჟენევაში მოლაპარაკების 43-ე რაუნდი გაიმართა, თუმცა მხარეებმა ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მომდევნო შეხვედრა მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.