ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის 6 ფაქტი გამოვლინდა


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ცნობით,  ხორცპროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ინდ. მეწარმე, ქალაქ თბილისში კუსტარულად მოწყობილ საამქროში ხორცპროდუქტის, ე.წ. „სუჯუკის“ წარმოებას და რეალიზაციას ახდენდა. პროდუქტის ეტიკეტზე, მის შემადგენლობაში მითითებული საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად, ბრალდებული წარმოების პროცესში ცხენის ხორცს იყენებდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით

ამასთან, ქალაქ თბილისში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს სხვადასხვა კომპანიის კუთვნილი ხუთი საამქრო, სადაც სარეალიზაციოდ მზადდებოდა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები: სოსისი, ძეხვეული და სარდელი.

ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.