ცხინვალის რეჟიმი თრუსოს ხეობასა და კობის ქვაბულზე პრეტენზიას აცხადებს


Картинки по запросу თრუსოს ხეობაოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ბოლშევიკების გადაწყვეტილება საქართველოსთვის ოსეთის აღმოსავლეთ ნაწილის გადაცემის შესახებ, უკანონოა და ანექსიას წარმოადგენს.“ ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ხელისუფლება „აღმოსავლეთ ოსეთად“ მიიჩნევს თრუსოს ხეობას და კობის ქვაბულს, რომლებიც „ოსი ხალხის ნების გარეშე ბოლშევიკებმა უკანონოდ მოგლიჯეს ახლადშექმნილი, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სასარგებლოდ.“

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აუცილებელია საუბარი საბჭოთა საქართველოს მიერ ოსეთის აღმოსავლეთ ნაწილის ანექსიაზე.

 „ოსეთის ტერიტორიის მიღმა დარჩა ოსების კომპაქტური დასახლებები მეზობელ დუშეთის რაიონშიც“ და „აღმოსავლეთ ოსეთი, რომელიც ავტონომიიის და შემდეგ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მოექცა, იოლი ნადავლი გახდა ქართული ექსპანსიისთვის,“- წერია განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ოსეთიდან გადმოსახლებული ოსებისთვის სამშობლო იქცა მიუწვდომელ უცხოეთად, ხალხს წართმეული აქვს საკუთრების, გადაადგილების და რელიგიის თავისუფლების უფლებები და ცალსახაა, რომ ოსები არასდროს აღიარებენ ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით ბოლშევიკების მიერ 1921 წელს მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გასულ კვირაში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 44-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა, რომ ქართული მხარისგან მოითხოვა ოსი სპეციალისტების დაშვება „აღმოსავლეთ ოსეთში მდებარე ოსური ისტორიულ-კულტურული ძეგლების“ მდგომარეობის შესასწავლად.

ისტორიკოსმა მალხაზ ვახტანგაშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა განსახლების და ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აღმოსავლეთ ოსეთი არ არსებობს.

„ძალიან მაინტერესებს, რომელი ოსი ისტორიკოსი იტყვის და გამოიყენებს ტერმინს, აღმოსავლეთ ოსეთს და რომელ ოსურ ძეგლებზეა საუბარი. არანაირი ოსური კვალი არ არსებობს არათუ დუშეთის და არაგვის ხეობაში, არამედ ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც. რა თქმა უნდა, ისტორიულ ჭრილში ოსებს არ აწყობთ, რომ ეს პაექრობა შედგეს, რადგან არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ, მაგრამ ცდილობენ რუსეთის დახმარება გამოიყენონ და მაქსიმალურად მეტი ტერიტორია მიითვისონ“ – განმარტა მალხაზ ვახტაგნაშვილმა.

20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალში ე.წ. საზღვრის დემარკაციის მიზნით კომისია იქმნება.

imedinews.ge