ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონირების საკითხი მოგვარებული არაა

ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელ პროცესს 147-ე სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დაესწრო, რომელმაც 2018 წლის ერთიანი გამოცდების ძირითად სიახლეებზე ილაპარაკა.

მიმინოშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის ინიციატივა იყო ყველა საგამოცდო ცენტრში ყოფილიყო კონდიციონერები,  პილოტირების რეჟიმში ამ ეტაპზე განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის გამო მხოლოდ რუსთავში მოეწყო.

კონდიციონერების საკითხს დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა პრემიერ–მინისტრი, მამუკა ბახტაძე.

„ეს გარემოება არის ძალიან ცუდი. დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე აუცილებლად ვისაუბრებთ თუ როგორ შეიძლება ეს უმოკლეს ვადებში მოგვარდეს. ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა. გავერკვევი დეტალებში თუ რატომ დადგა ასეთი გარემოება“, – განაცხადა ბახტაძემ.

ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან დაიწყო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია საგამოცდო ბარათის მიღებისა და გამოყენების წესზე, ასევე თუ როდის უნდა მივიდეს აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში. საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად  დაინიშნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული სამგზავრო საფასურით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს, 8 საათზე დაიწყება.

image_pdfimage_print

Comments

comments