"ყვითელი მარშრუტკებიდან მხოლოდ 143 არის ახალი, დანარჩენი კრიტიკულ მდგომარეობაშია"


Похожее изображениеთბილისის მერმა კახა კალაძემ კონფერენციაში „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეფასების თაობაზე კონსენსუსის მშენებლობა“ მიიღო მონაწილეობა.

კახა კალაძის თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის მიმართულებით ჩატარებული ყველა კვლევა კრიტიკულია და  დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ეკოლოგიური მდგომარეობის მწვავე პრობლემა დგას.

„ჩვენც გვაქვს ჩატარებული კვლევა, რომლის წარმოდგენასაც ვაპირებთ და ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორ გარემოში ვცხოვრობთ. გარკვეული რეფორმების გარეშე შეუძლებელია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი და ჩართულობა ამ პროცესებში, რათა ყველამ შევცვალოთ დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერია უახლოეს მომავალში წარმოადგენს სატრანსპორტო პოლიტიკას, როგორი ხედვა აქვს გრძელვადიან პერსპექტივაში, რა უნდა გაკეთდეს თვეების, წლების მიხედვით რომ გამოვასწოროთ მდგომარეობა.

„საზოგადოება აქტიურად ჩართულია იმაში, რომ ქალაქში არის მწვავე პრობლემა, თუმცა სამწუხაროა, რომ ძირითადად მიდის ფოტოსურათების გაზიარება ყვითელ ავტობუსებთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ზღვაში წვეთი. იმიტომ, რომ დედაქალაქში გადაადგილდება 500 000-ზე მეტი ავტომობილი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილში  ყვითელი ავტობუსების  650 ერთეულია. აქედან 143 არის ახალი, დანარჩენი არის კრიტიკულ მდგომარეობაში. დანარჩენი 96% არის 10 წლიდან 20 წლამდე და 20 წლის ზემოთ. დაახლოებით ოთხ პროცენტამდე არის 0-დან ექვს წლამდე ანუ ახალი ავტომობილები. რომ გადავხედოთ სტატისტიკას, ყოველწლიურად ავტომობილების შემოყვანა, იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 7%-ით იზრდება და ძირითადად არის ძველი ავტომობილები“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები არის კრიტიკულ მდგომარეობაში.

„ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, თუმცა მიდის მათი განახლება. დღეს რომ შევზღუდოთ და არ გამოვიყვანოთ, ხალხს ხომ სჭირდება გადაადგილება. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, მათ დღეს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ. აქაც არის მძიმე მდგომარეობა  – 90 %  ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

ჩვენ მივიღეთ გრანტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან და დავიწყეთ კვლევა რომელსაც ატარებს კომპანია „სისტრა“. ჩვენ გვექნება ძალიან მალე სრული სურათი, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორო უნდა იყოს ხაზები, რა მიმართულებით. საერთოდ გვჭირდება თუ არა ე.წ. ყვითელი მარშრუტკები და ასე შემდეგ. როდესაც ეს კვლევა გვქნება, მერე ძალიან მარტივია გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე კახა კალაძე თვლის, რომ ძველი ავტომობილების შემოყვანა აუცილებლად უნდა აიკრძალოს.