ქართული სათამაშოების მწარმოებელი:”დაფინანსებაზე ყველა ბანკმა უარი გვითხრა”

Картинки по запросу ქართული სათამაშოებისაქართველოში წარმოებული ხის სათამაშოებით, ესპანური და გერმანული კომპანიები ინტერესდებიან, – ამის შესახებ “ჯეოთოიზ ჯგუფის” დამფუძნებელმა, დავით კაციტაძემ “საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. თუმცა მისივე განმარტებით, კომპანია ევროპელი პარტნიორებისთვის პროდუქციის მიწოდებას ვერ ახერხებს, რადგან მას საწარმოს გაფართოებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსზე ხელი არ მიუწვდება. 

“საქართველოში არსებულ ყველა ბანკში ვიყავით, რაც კი არსებობს, დაწყებული მცირედან, დასრულებული დიდით. აბსოლიტურად ყველა მათგანმა გვითხრა, რომ ძალიან მაგარ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ სამწუხაროდ დაფინანსების გამოყოფა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. გვეუბნებიან, რომ სტარტაპი ვართ და მინიმუმ 6 თვე მაინც უნდა ვიმუშაოთ, რომ დაგვაფინანსონ, ანუ ძალიან ბევრი ბარიერებია.

ჩვენ ვუთხარით ბანკს, რომ გვჭირდება მანქანა დანადგარების შეძენა, რომ შევასრულოთ ფრანგული კომპანიის დაკვეთა უფრო წარმატებით და უფრო ნაკლები ხარჯით, რისთვისაც გვჭირდება 150 ათასი დოლარის ოდენობით კრედიტი. ბანკი გვპასუხობს სასაცილო რაღაცას, რომ თუ ჩვენ კომპანიას ექნება მილიონიანი ბრუნვა, მაშინ უპრობლემოდ მოგვცემენ 150 ათას დოლარს, თუ მე მილიონიანი ბრუნვა მაქვს და შიგ მოგება არ მაქვს ჩადებული, მაშინ არასწორად ვმართავ ბიზნესს… ანუ კვერცხის და ქათმის პრინციპია: “თუ მიაწვდი პროდუქციას, დაგაფინანსებ, თუ არ მიაწვდი არ დაგაფინანსებ”, და როგორ მივაწოდო თუ არ დაგვაფინანსებენ, როგორ უნდა ვაწარმოო, თუ დანადგარი არ ვიყიდე? აი ასეთ ჩაკეტილ წრეში ვართ” – განაცხადა დავით კაციტაძემ.

კომპანია “ჯეოთოიზ ჯგუფი” 2015 წლიდან არსებობს და ხის სათამაშოებს აწარმოებს, რომელსაც ამჟამად ექსპორტზე საფრანგეთში გზავნის. კომპანია მხოლოდ ერთი სახეობის ხის სათამაშოს ამზადებს და სურს ასორტიმენტის გაზრდა და წარმოების გაფართოება.

“2018 წლის იანვარში ნიუბერგში გამართულ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე ჩვენმა ნაწარმმა დიდი ინტერესი დაიმსახურა, ის ბუნებრივი მასალისგან, კერძოდ ქართული წიფელისგან მზადდება, რაც თავისი თვისებებით უნიკალურია. რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მათთან მოლაპარაკებები ამჟამად გრძელდება, ერთ-ერთი ფრანგული კომპანიაა, რომელსაც ,,კუბი“ ჰქვია. მან ორწლიანი კონტრაქტი გაგვიფორმა და ამჟამად ვაწვდით სათამაშოებს”, – განაცხადა დავით კაციტაძემ.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, აღნიშნულ პრობლემებზე საუბარი ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან აქვთ, რათა შეიქმნას გარკვეული ფორმულა, რომლითაც მცირე და საშუალო მეწარმეებს დაფინანსების მოპოვების საშუალება მიეცემათ.

bm.ge

image_pdfimage_print

Comments

comments