საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური პარტიების წევრებს შეხვდა

Фото Giorgi Margvelashvili.საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიების წევრებთან გამართა.

საქართველოს პრეზიდენტი საბჭოს დამოუკიდებელ, უფრაქციო წევრებს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდა. გიორგი მარგველაშვილს უკვე ჰქონდა მოლაპარაკებები საბჭოში წარმოდგენილი ფრაქციების წევრებთან, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან.

საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში დღეს დასახელებულ ერთადერთ კანდიდატს თორნიკე რიჟვაძესაც შეხვდება.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ წარმოდგენილია ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატურა. შეიძლება, რაღაც მოსაზრება კიდევ წარმოადგინონ. მოვისმენ მათ კანდიდატურებს, თუ იქნება ასეთი გავესაუბრები. ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დასახელებულია იმ პარტიის მიერ, რომელიც არის უმრავლესობაში. დასახელებულია და დახასიათებული არის კიდევაც. ბუნებრივია, უნდა გავესაუბრო იმ ადამიანსაც, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, ასეთივე ლოგიკით გავესაუბრები სხვა კანდიდატებსაც, თუ იქნება და შესაბამისად, მე უხერხულობას იმაში, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატს გავესაუბრო, ვერ ვხედავ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი რჩება აჭარაში და გამოთქვამს მზადყოფნას, პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებები მოისმინოს, მათ შორის მურმან დუმბაძესა და მედეა ვასაძეს შეხვდეს. გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის სურვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატებმა თავად გამოთქვეს. დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით“ განსაზღვრული პროცედურების თანახმად,საქართველოს პრეზიდენტი საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს.

image_pdfimage_print

Comments

comments