საქართველოს პრეზიდენტი ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა

margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტმა ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახს მიუსამძიმრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს ამ უმძიმეს წუთებში. უკვე რამდენიმე წელია აღვნიშნავთ, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია.

აუცილებელია, კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა. ის, რომ 2018 წელს შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი და 10 დაშავებული, იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავს შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა.

მისასალმებელია, ის ფაქტი, რომ შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი.

დღეს ისევ რჩება მთავარი კითხვაა – შესაძლებელი იქნება თუ არა, მინდელის შახტაში უსაფრთხოდ მუშაობის გაგრძელება? ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება იყოს დაცული“, – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა იტალიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერმონია და ვიზიტთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება.

პრემიერი-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ასევე, სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ტყიბულის შახტში ტრაგედია დღეს დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.

image_pdfimage_print

Comments

comments