დეიმონ ვილსონი:”რუსეთის აგრესიამ გამოიწვია ახალი რეალობის შექმნა”

დეიმონ ვილსონი - უსაფრთხოების არარსებობა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით არის სწორედ ის, რამაც რუსეთს ოკუპაციისა და ანექსიისკენ უბიძგარუსეთი ცდილობს, თავისი მეზობლები, უკეთეს შემთხვევაში, „ნაცრისფერ ზონაში“ ჰყავდეს, ხოლო უარეს შემთხევაში – თავისი ბატონობის ქვეშ, – ამის შესახებ U.S. Atlantic Council-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, დეიმონ ვილსონმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსმენაზე დეიმონ ვილსონმა ვრცლად ისაუბრა 2008 წლის რუსეთის აგრესიისა და ნატო-ს ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე, კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე, არსებულ მდგომარეობასა და მის გავლენაზე, როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ გამოიწვია ახალი რეალობის შექმნა და ალიანსის წევრებს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისკენ უბიძგა.

„რუსეთის რევანშისტული პოლიტიკისა და მის მიერ საერთაშორისო წესრიგის რღვევამ განაპირობა, რომ ბრიუსელში ჩვენ გახლდით მოწმე, რომ მიუხედავად ტრანსატლანტიკური დაძაბულობისა და განსხვავებებისა, ალიანსის წევრებს შორის სუფევდა კონსენსუსი გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებით. გაფართოების პოლიტიკა სტაბილურობის გარანტორია, ის ემსახურება აშშ-ის ინტერესებს, მიესალმება იმ ქვეყნებს, ვინც მზად არიან იმ პასუხისმგებლობისთვის, რასაც ალიანსის წევრობა ითვალისწინებს და აძლიერებს ქვეყნების იმუნიტეტს რუსეთის მცდელობების მიმართ, მოახდინოს მათი დესტაბილიზაცია“, – აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.

დეიმონ ვილსონმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გაწეული ძალისხმევა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილი და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს ქმნის სოლიდურ საფუძველს ინტეგრაციის პროცესის შემდგომი განვითარებისთვის, როცა ალიანსმა ქმედით ნაბიჯები უნდა გადადგას.

„მოკავშირეებმა მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, რომ გაფართოების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს მესამე მხარის ვეტო, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ოკუპაცია ვერ იქცევა დაბრკოლებად წევრობისთვის. სხვებთან შედარებით, საქართველომ და უკრაინამ ბევრად მეტი იბრძოლეს ნატო-ს პრინციპების დასაცავად. ისინი მზად არიან, წარმოადგენდნენ ალიანსის მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს. ორივე ქვეყანა თავდაცვის ბიუჯეტისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს გამოყოფს. საქართველო წარმოადგენს ნატო-სა და სხვა საერთაშორისო მისიების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტრიბუტორს. თუ დავუშვებთ ამ ქვეყნების მისწრაფებათა რუსეთის საოკუპაციო და დაშინების პოლიტიკის მძევლად ქცევას, ეს იქნება წინაპირობა ევროპაში კონფლიქტებისა და არასტაბილურობის შესაქმნელად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი თავისუფლების ფლაგმანები არიან და საბოლოოდ უნდა დავუმკვიდროთ მათ ადგილი ალიანსში, რაც ევროპის აღმოსავლეთით მშვიდობის უზრუნველყოფის გარანტიაა“, – აღნიშნა ვილსონმა.

მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ  განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ე.წ. გავლენის ზონების შენარჩუნებისკენაა მიმართული. მისივე თქმით, აშშ-ის მტკიცე პოზიცია გადამწყვეტია რუსეთისთვის მკაფიო გზავნილის მისაწოდებლად, რომ საქართველოს წინააღმდეგ მისი პოლიტიკა მიუღებელია. დავით ბაქრაძემ გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა პარტნიორებისგან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ელოდება.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments