ჯეიმს აპატურაი: გუშინ ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება ძალიან ბევრი მიმართულებით არის ნეგატიური სიგნალი

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ორგანიზაცია და ალიანსის პარტნიორები შეშფოთებულები არიან რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც არჩეული აქვთ ჩრდილოატლანტიკური კურსი.
ამის შესახებ აპატურაიმ » მოამბისთვის» მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ნატო აღშოთებულია იმ ე.წ. ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი მოეწერა ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთის ფედერაციას შორის.
«არა მგონია, საქართველოს მოსახლეობისთვის სიურპრიზი იყოს, რომ ჩვენ არ ვცნობთ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებებს, რომლებსაც არ აქვთ კანონიერი, იურიდიული საფუძველი. ნატო და ნატო-ს მოკავშირეები არასდროს აღიარებენ მათ. ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. გუშინ ხელმოწერილი ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება ძალიან ბევრი მიმართულებით არის ნეგატიური სიგნალი. ეს არის რუსეთის პოლიტიკის გაგრძელება საქართველოს მიმართ. ასევე, ეს არის რუსეთის პოლიტიკის გაგრძელება ევროპის მიმართ. რუსეთს სურს, ხელი შეუშალოს ქვეყნებს, დამოუკიდებლად გააკეთონ არჩევანი. ცუდი სიგნალია იმის გამოც, რომ ეს ე.წ. ხელშეკრულებები ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან მიმართებაში უფრო ფართოა, ვიდრე ე.წ. ხელშეკრულება, რომელიც რუსეთმა აფხაზეთთან გააფორმა. ბევრი ქართველი პოლიტიკოსი რუსეთის გადაწყვეტილებას მცოცავ ანექსიად აფასებს და ვფიქრობ, რომ ეს შეფასება მართალია. რთულია ჟენევაში მოლაპარაკება, მაგრამ, რაც ჩვენ ვიცით, საქართველოს მთავრობის მხრიდან მოლაპარაკებები უნდა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს, იმის მიუხედავად თუ რამდენად ართულებს რუსეთი მოლაპარაკებებს და ფონს ამ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იდეაა, ვინაიდან ეს მოლაპარაკებების სახეა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო აჩვენებს, რომ მომწიფებული პარტნიორია და არავის აძლევს საფუძველს, დაადანაშაულონ, რომ არ ეძებს საუკეთესო გზებს და არ აკეთებს ყველაფერს. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია» — განაცხადა აპატურაიმ.
რაც შეეხება ე.წ. ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც შეიარაღებული ძალების გაერთიანებას გულისხმობს, აპატაურაის თქმით, გაუგებარია, თუ რას ცვლის ეს გადაწყვეტილება.
«მე როგორც გავიგე, ეს ე.წ. ხელშეკრულება როგორც აფხაზეთის შემთხვევაში, გულისხმობს ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან გაერთიანებას, ერთობლივ სტრუქტურად ჩამოყალიბებას. რუსეთის შეიარაღებული ძალები ხომ, ისედაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, ისევე, როგორც აფხაზეთში. ამიტომ, არ ვიცი ზუსტად რას ცვლის ეს გადაწყვეტილება. მე მოვისმინე საქართველოს მთავრობის მხრიდან. ყოფილი ხელისუფლებაც აცხადებდა, რომ ვერ ხედავენ ამ პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრის გზებს. საქართველოს აქვს ნაკისრი ვალდებულებაც და არაერთხელ გაკეთებული ძალის გამოუყენებლობის შეასხებ განცხადება. როგორც მე ვიცი, საქართველო არ აპირებს თავს დაესხას სამხრეთ ოსეთს. ამიტომ, ვერ ვხედავ ამ კუთხით განსაკუთრებულ საფრთხეს», — განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

image_pdfimage_print

Comments

comments