თბილისში ნარჩენებს დაახარისხებენ

“თბილისი ძალიან მალე გადავა ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე. ევროპამ და განვითარებულმა მსოფლიომ კარგად გაიაზრა, რომ ნარჩენი არ არის ის, რასაც თავიდან ვიშორებთ, ის შეიძლება გადავამუშაოთ და ხელახლა გამოვიყენოთ სხვა დანიშნულებით. ეს მიდგომა არამარტო დაიცავს გარემოს, არამედ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უნარჩენო წარმოების განვითარებას, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით სტრატეგიას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუნიციპალიტეტთან ერთად შეიმუშავებს.

რაც შეეხება ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას, მერის თქმით, ხელშეკრულება დადებული იყო, თუმცა ძალაში არ შესულა, რადგან შემოთავაზებული სისტემა მოძველებული იყო. კალაძის თქმით, მერიამ კომპანიას ხელშეკრულების პირობების შეცვლა შესთავაზა, რაზეც კომპანიამ უარი თქვა, ასევე უარი თქვა გადაცემული მიწის დაბრუნებაზე, ამიტომ საქმე ახლა სასამართლოშია.

თბილისის ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა გარდაბანში 2017 წლის ივლისში უნდა დაწყებულიყო. ქარხნის მშენებლობაში 81 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმებოდა, რომელიც დღის განმავლობაში 1000 ტონამდე ნარჩენს გადაამუშავებდა.  ქარხნის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა 2016 წლის მარტში გამოცხადდა, რომელშიც 13-მა კომპანიამ წარადგინა წინადადებები. ამ კომპანიების წინადადებები უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა და გამარჯვებულად ქართული კომპანია შპს “კა დე ვე ჯორჯია” დაასახელა. (უწყებათშორის კომისიაში შედიოდნენ – თბილისის მერიის, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები). გამარჯვებულ კომპანიასთან მემორანდუმი 2016 წლის 3 მაისს გაფორმდა.

image_pdfimage_print

Comments

comments