ნინო ჩხობაძე:"ტყეების ჭრას სვანეთში კატასტროფული შედეგები მოაქვს"


Картинки по запросу ნინო ჩხობაძეგარემოს დაცვის საკითხებში ექსპერტის  ნინო ჩხობაძის შეფასებით, ტყეების გაჩეხვას სვანეთში კატასტროფული შედეგები მოაქვს, შესაბამისად, მთიან რეგიონებში ხე-ტყის მსგავსი ჭრა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

ნინო ჩხობაძე ხე-ტყის ჭრასთან დაკავშირებით სვანეთში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„მე პირადად არ ვარ მომხრე ძალოვანი უწყებებით სიტუაციის მოგვარებისა. მიმაჩნია, რომ ცოტა გადავაჭარბეთ კიდეც და შეიძლება, დიალოგით გაგვერკვია მოსახლეობასთან საკითხები, რაც ხე-ტყესთან არის დაკავშირებული. ზოგადად კი, სვანეთში შექმნილია საკმაოდ რთული სიტუაცია, რადგან ჭუბერისა და ნენსკრას საკითხთან მიმართებაში, წყლის ადიდების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნამდვილად იყო გაჩეხილი ხეები“, – განაცხადა ჩხობაძემ.

მისი თქმით, დასახლებულ პუნქტში წყლის შესვლა ნიშნავდა იმას, რომ ტყეებმა, რომელიც ნაპირებზე გაჩეხილი იყო, წყლის ნაკადი არ შეაჩერა.

„ეს რომ საღი ხეები ყოფილიყო, პროცესს შეანელებდა და ასეთი ტრაგედიები, რაც ჭუბერში დატრიალდა, არ მოხდებოდა. ტყეების ჭრას სვანეთში კატასტროფული შედეგები მოაქვს. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მაქსიმალურად უნდა შენელდეს და შემცირდეს ტყის ჭრა ასეთ მთიან რეგიონებში“, – განაცხადა ჩხობაძემ.

როგორც ექსპერტი აცხადებს, მისი ინფორმაცით, სვანეთში ძალიან ბევრს ლეგალურად ჰქონდა მოპოვებული ხე-ტყის დამზადების ლიცენზია, შესაბამისად,  მნიშვნელოვანია, გადაიხედოს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში სვანეთის მოსახლეობაზე გაცემული ყველა ნებართვა, სად და ვის მიეცა ხის მოჭრის უფლება.

Похожее изображение

„გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის არგუმენტი ის იყო, რომ ხეებს მოუვლიდნენ და ტყეებს დარგავდნენ. თუ სადმე ნახეთ, გრძელვადიანი ლიცენზიანტის მიერ დარგული ხე, აღფრთოვანებული ვიქნები. მე პირადად, ასეთი რამ ჯერ არც მინახავს და არც გამიგია. ჩვენს მეტყევეებს ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ თვითაღდგენა ტყეებს საკმაოდ კარგი აქვთ, მაგრამ როცა მასიური, პირწმინდა ჭრა მიდის, იქ რამის აღდგენა შეუძლებელია“, – განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, მთაში ხეებს უფრო ნაკლები აღმოცენების უნარი აქვთ, ვიდრე ბარში, ამიტომ ექსპერტი აცხადებს, რომ მთაში პირწმინდა ჭრა საერთოდ აკრძალული უნდა იყოს.

„ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ განვიხილავთ ტყეებს  კომერციული დანიშნულების მხრივ. ეს არ არის კომერციული დანიშნულების ტყე, ჩვენ რესურსის გაყიდვით ვერაფერს მივიღებთ, თუ არ დავანგრევთ. ჩვენი ტყეებისთვის დამახასიათებელი და პირველადი დაცვითი ფუნქციაა, ის არის წყალმარეგულირებელი, წყალშემკრები, რეალურად ნაპირების გამაგრების საშუალება, მეწყერების საწინააღმდეგო ღონისძიებების საშუალება, ღვარცოფების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება და განსაკუთრებით წყალდიდობების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია ტყე იქნეს მიღებული, როგორც დაცვითი ფუნქციის მატარებელი და არა, როგორც კომერციული რესურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებების პერიოდში, სტიქიური მოვლენები მეტად გაძლიერდება.

1tv.ge