ცირკის შენობა $18 მილიონად იყიდება

დაკავშირებული სურათითბილისის ცირკის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით რამდენიმე ინვესტორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამის შესახებ “კომერსანტს”  ობიექტის გასხვისების აგენტ  Colliers International Georgia-ში  განუცხადეს. მათივე განცხადებით,  მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე დაინტერესებულ პირთან  და კონსულტაციები ხორციელდება. დამატებით დეტალებზე Colliers International Georgia-ში არ საუბრობენ იქამდე,  ვიდრე რაიმე კონკრეტული შედეგი  არ დადგება.

თბილისის ცირკის შენობას რომ მყიდველი ამ დრომდე არ გამოუჩნდა, ამის შესახებ „კომერსანტს“ ობიექტის მფლობელის, პატარკაციშვილების ოჯახშიც განუცხადეს. მზია პატარაკაციშვილის განცხადებით, ობიექტის რეალური მყიდველი ამ დრომდე არ გამოჩენილა. „კომერსანტის“ კითხვაზე, ხომ არ გადაიფიქრებს პატარკაციშვილების ოჯახი ისტორიული ნაგებობის გასხვისებას, მზია პატარკაციშვილი აღნიშნავს, რომ ცირკის შენობას ოჯახი ისევ ყიდის. რაც შეეხება კითხვას, ხომ არ გადაწყვეტს ობიექტის მფლობელებმა შენობის ღირებულების შემცირება, ამაზე პატარკაციშვილი არ გვპასუხობს.

როგორც ცნობილია, თბილისის ცირკის შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია 2017 წლის ოქტომბერში გაჟღერდა. როგორც კომპანია  Colliers International Georgia-ს ვებ-გვერდზე იყო აღნიშნული, შენობა არის ისტორიული ნაგებობის მრავალფუნქციური განვითარების პოტენციალით.

„იყიდება თბილისის ცირკის ისტორიული შენობა, რომელიც ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის, ნიკოლაი ნაპრინცევის მიერ 1939 წელს აშენდა. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, საერთო ფართით 4,750 კვ.მ. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ.მ ფართობის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ქონება შესაბამისია მრავალფუნქციური განვითარებისთვის მათ შორის ოფისის, სასტუმროს, საკონცერტო დარბაზის და სხვა დანიშნულების ადგილების მშენებლობისთვის. აქტივზე არსებობს ბიზნეს გეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად.

21,014კვ.მ ფართობის აღნიშნული უძრავი ქონებიდან გმირთა მოედანზე, ქალაქის მთავარ სატრანსპორტო თავშეყრის ადგილზე იშლება ხედი. თბილისის სამი ყველაზე აქტიური და პოპულარული უბანი: ვაკე, ვერა(მთაწმინდა) და საბურთალო სწორედ ამ ადგილას ხვდება ერთმანეთს. შენობას აქვს თვალისმომჭრელი პანორამული, ხედი თბილისის მთავარ ღირსშესანიშნაობებზე: ქალაქის ისტორიულ ნაწილზე, მთაწმინდაზე და მტკვარზე“,–  აღნიშნული იყო Colliers International Georgia-ს განცხადებაში.

რაც შეეხება უძრავი ქონების ფასს, მისი ღირებულება 18 მილიონ დოლარს შეადგენს.

თბილისის ცირკი დღეს კერძო სამართლის იურიდიული პირია. ქართველი ბიზნესმენის და მეცენატის ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერით 2003 წელს განხორციელდა შენობის სრული კაპიტალური შეკეთება, 2007 წელს შენობა დალუქეს და მისი ხელახლა გახსნა მხოლოდ 2011 წელს მოხდა. პატარკაციშვილების ოჯახის მიერ თბილისის ცირკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ადრეც გავრცელდა. თუმცა მაშინ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახმა ეს არ დაადასტურა.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments