თბილისის მერია:”ყიფიანის ქუჩაზე კლდე არ ჩამონგრეულა”

მერიათბილისის მერიაში მთაწმინდაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომა ყიფიანის ქუჩაზე კლდე არ ჩამონგრეულა.

„გუშინ, გვიან ღამით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში და რაიონულ გამგეობაში მოსახლეობისგან შევიდა შეტყობინება ყიფიანის ქუჩაზე კედლის ჩამოშლასთან დაკავშირებით. ინფორმაცია ადგილზე ოპერატიულად გადამოწმდა და დადგინდა, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა სამი თვის განმავლობაში შეჩერებული იყო, ვიდრე ხელახალი გეოლოგიური დასკვნები შემუშავდებოდა. ახალი დასკვნის საფუძველზე, ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ, ადგილზე მიმდინარეობს კლდის გამაგრებითი სამუშაოები.

თბილისის მერიის ინიციატივით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად დაიგეგმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა, ახალი გეოლოგიური დასკვნების მიხედვით განსახორციელებელი სამუშაოების გაცნობის მიზნით” – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ყიფიანის ქუჩის 35ბ-სთან  კლდე პირველად 31 მაისს მთაწმინდაზე, სასტუმროს მიმდინარე მშენებლობის გამო ჩამოინგრა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა, მშენებარე კომპანიას კი მშენებლობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა, რომელიც მიმდინარე მშენებლობას შეაფასებდა.

6 სექტემბერს გვიან ღამით, კლდის კიდევ ერთხელ ჩამოგრევის გამო მშენებლობის მახლობლად მაცხოვრებლებმა საპატრულო პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს. ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ კვლავ განახლდა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიას დარღვევები არ ჰქონია, რის გამოც მათ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცეს.

image_pdfimage_print

Comments

comments