“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენს სარწმუნოებას ეწინააღმდეგება”

საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში  ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებით ახალი იდეოლოგიური პარადიგმა შექმნა, რომლის მიხედვითაც, თვითგანვითარების ცნება მარიხუანას მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ჩვენს სარწმუნოებასა და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

„ ნარკოტიკული თრობის ილუზიებში გაქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სულიერი სიცარიელე და ცხოვრების აზრის დაკარგვა. დღეს ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ ნარკომანია მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა. ამ მძიმე ვითარების გამოსასწორებლად, ყველა რისკის გათვლა და სპეციალისტების აზრის მაქსიმალურად გათვალისწინებაა საჭირო.

საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ კი ბევრი კითხვა და ნეგატიური განწყობა გააჩინა. ოთხი მოსამართლოსგან შემდგარმა კოლეგიამ შესაძლებლად მიიჩნია დღევანდელი კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე, სადაც წერია, რომ ყველას საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება აქვს. გამოიტანა დასკვნა, რომ მარიხუანას მოხმარება პიროვნული განვითარების თავისუფლებას უკავშირდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებით ახალი იდეოლოგიური პარადიგმა შექმნა, რომლის მიხედვითაც თვითგანვითარების ცნება მარიხუანას მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ჩვენს სარწმუნოებასა და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რასაც ეკლესია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება. მით უმეტეს, შეგახსენებთ, რომ გაერო-ს მიერ მარიხუანა ნარკოტიკული ნივთიერებების სიაშია შეტანილი და მისი მოხმარებით გამოწვეული სოციალური ზარალი საკმაოდ მაღალი რისკით არის შეფასებული.

ყველა საკანონმდებლო აქტი საკუთარ თავში უნდა მოიცავდეს ზნეობისა და საზოგადოებრივი სიკეთის გარკვეულ ოდენობას. ეს გადაწყვეტილება კი მომავალში რას გვიქადის? ამ ლოგიკით შესაძლებელია ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება მომავალში განიხილებოდეს როგორც თვითგანვითარების უფლება. თვითგანვითარების ცნებას ჩვენს ცნობიერებაში სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური სრულყოფისკენ ლტოლვის შინაარსი გააჩნია“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

როგორც მეუფე შიომ განაცხადა, „ნარკოლოგები ამტკიცებენ, რომ მარიხუანას მოხმარება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ განვითარების თავისუფლებას დაუკავშირა, ადამიანის თავის ტვინში სწორედ იმ რეცეპტორების კვდომას იწვევს, რომელიც მის ინტელექტუალურ განვითარებაზეა პასუხისმგებელი“.

„იგი ნაადრევ სიბერეს და ტვინის ფუნქციის აქტიურობის დაქვეითებას იწვევს. ამიტომაც საზოგადოების დიდ ნაწილს სამართლიანად მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ალოგიკური და არამეცნიერულია. საქართველოს ეკლესია ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის სურვილს გამოხატავს, ნათელი მოეფინოს შექმნილ ვითარებას და დაშვებული სარისკო ფაქტორები გამოსწორდეს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

image_pdfimage_print

Comments

comments