“ჩვენი მიზანია არ მოხდეს კანაფის კულტივაცია ისე, რომ ამან რისკები შექმნას”

Картинки по запросу მამუკა ბახტაძე მარიხუანადღეს პრემიერ–მინისტრმა  ექსპორტის მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესი და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია შსს-ს მიერ კანაფის მოხმარებაზე შემუშავებული კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცველებს კანაფის მოხმარების კონტროლის ეფექტური ბერკეტი ჰქონდეთ. მისი თქმით, რაც შეეხება ლიცენზიას და სხვა ნიუანსებს მთავრობის პოზიცია ამ მიმართულებითაც მკაცრი რეგლამენტირებაა.

“კანონპროექტის მიხედვით, მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება კანაფის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებებისი სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამავე დროს ეს რეგულაცია შეეხება საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, ექიმებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.  ასევე დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან, რომ მოახდინონ კანაფის მოხმარების პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამკაცრდება პასუხისმგებლობა მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ კანაფის გასაღება კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად რჩება. რაც შეეხება კანაფის მოყვანას და წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად – ეს არის რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც მკაცრად რეგლამენტირებული იქნება, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი” – განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა დასძინა, რომ მთავრობის მიზანია, რომ არ მოხდეს კანაფის კულტივაცია ისე, რომ ამან რისკები შექმნას.

„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტსა და სხვა თანმდევ კანონებში ცვლილებების პროექტის დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანა ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე დადგა, მარიხუანას მოხმარება პირად სივრცეში აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.

როგორც გუშინ შსს-ში განმარტეს, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხს. შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ მიმართულებით შსს მიერ მომზადებული პროექტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. განმარტება შსს–ში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 

 

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

image_pdfimage_print

Comments

comments