საქართველოს პრეზიდენტმა დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

На данном изображении может находиться: один или несколько человек, люди стоят, на улице и природаყოველწლიური საერთაშორისო კამპანიის  „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში, თბილისში გამართულ დასუფთავების აქციაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ჩაერთო.

დასუფთავების კამპანიაში ჩართვის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგასთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. კერსტი კალიულაიდი მიესალმა საქართველოს ჩართვას დასუფთავების დღის კამპანიაში.

პრეზიდენტმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა. აქციაში ასევე, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სამხედროები, მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

„მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცია.  მადლობა ესტონელებს, რომლებმაც 10 წლის წინ დაიწყეს ინიციატივა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მადლობა მინდა ვუთხრა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი პატრიოტიზმით დღეს ჩვენთან ერთად ალაგებენ და ასუფთავებენ გარემოს. მოვუწოდებ ყველას, ჯერ კიდევ დღის დასაწყისია, ბუნებრივია შეიძლება ასეთ აქციას ვერ შეუერთდეთ, მაგრამ საკუთარი სახლის წინ, საკუთარ ეზოს იქნებ ხელი შევავლოთ და ამით გავხადოთ უკეთესი ჩვენი გარემო. მიხარია, რომ ასეთ აქციაში ბევრი ადამიანი მონაწილეობს, განსაკუთრებით ახალგაზრდობის აქტიურობა მახარებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

15-16 სექტემბერს მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია  – „დავასუფთაოთ მსოფლიო“  (Clean Up the World) ტარდება, რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და  ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.  საქართველო, აღნიშნულ კამპანიაში აქტიურად 2010 წლიდან ჩაერთო და ის რიგით 121-ე ქყვეყანა იყო, რომელიც მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე აღინიშნა.

image_pdfimage_print

Comments

comments