სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა


Картинки по запросу სოხუმის დაცემასოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია.

სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკეს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა, პრეზიდენტობის კანდიდატებმა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ” მიღწეული შეთანხმების დარღვევით მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო.

რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს, დახვრიტეს. ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მთელ საქართველოს, მათ შორის ჩვენს აფხაზ ძმებს, კარგად ესმით, რა მოხდა და ნაბიჯები, რომლებსაც დღეს ვდგამთ, არის ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის. სწორედ ეს არის სწორი დასკვნა, სწორი ანალიზი იმ მოვლენების, რაც წლების წინ აფხაზეთში მოხდა. ვფიქრობ, ამით მთელი საქართველო, მთელი ჩვენი საზოგადოება, მათ შორის აფხაზეთში თანაბრად და ძალიან მძიმედ დაზარალდა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაეცნენ. მთელი ჩვენი საზოგადოებიდან, მათ შორის აფხაზური საზოგადოებიდან კიდევ უფრო მეტია მზაობა, ჩვენ ერთად მოვძებნოთ გამოსავალი აქედან და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დღეს არის ასევე ჟიული შარტავას გმირულად დაღუპვის დღე. ამ ადამიანმა მაგალითი მისცა ყველას, როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.