“2008 წლის რუსეთის აგრესიას არ მიეცა ადეკვატური რეაგირება”

მამუკა ბახტაძე - მინდა, ამ ტრიბუნიდან მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა, მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია ჩვენი მომავალიგენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა საუკუნოვან საერთო ისტორიულ წარსულზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მომავალს საფუძვლად უნდა დაედოს და ეს მშვიდობასა და კეთილდღეობას მოიტანს.

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას და უზრუნველყოს თავისი ყველა მოქალაქის უფლება და ჩვენ ამას შეუქცევადად და მიზანმიმართულად ვახორციელებთ. თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველომ შექმნა, იქნება ეს ადამიანის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა თუ სხვა.

მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს: ჩვენ ერთად, ერთობლივი მონდომებით და შესაძლებლობებით მივაღწევთ წარმატებას და კეთილდღეობას. მინდა იცოდეთ, მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია ჩვენი მომავალი. აქვე, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, ნუ უშლის ხელს და ნუ აფერხებს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს, მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების საშუალება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობამ დაძლია უმძიმესი გამოწვევა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში დახვდა და დღეს თვალსაჩინო პროგრესია ციხეებში პატიმართა უფლებების დაცვის მხრივ. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა სასამართლო სისტემაში, რომელიც გრძელდება და დაგეგმილია რეფორმის შემდეგი ეტაპი.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს უსაფრთხოების სისტემის ეროზია და ბუნებრივია, ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2008 წელს რუსეთის ფედერაციის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ. პრემიერის შეფასებით, სამწუხაროდ მაშინ ამ აგრესიას არ მიეცა ადეკვატური რეაგირება და შესაბამისად, ეს ეროზია გაგრძელდა.

„ვფიქრობ, მსოფლიო თანამეგობრობას ძალიან კარგად ესმის უსაფრთხოების ფასი და ის, რომ საჭიროა ახალი ინიციატივები, პრინციპული ნაბიჯების გადადგმა, რომ უსაფრთხოება ყველგან იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ რეგიონში, სადაც საქართველო მდებარეობს.

ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, მათ შორის არაღიარების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ზეწოლაა ბევრ ქვეყანაზე რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგან. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა თუ  არც ჩავთვლით ისეთ რეჟიმებს, როგორიც არის სირიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის  ძალიან წარმატებული და კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული”, – განაცხადა პრემიერმა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments