“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს თავისი დანაშაული “ქართულ ოცნებას” გადააბრალოს

Ivanishvili-Nov22-1პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის  ბიძინა ივანიშვილის აზრით, ” ექვსი წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო”.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ცდილობს ვირტუალურ სამყაროში აცხოვროს საზოგადოება.

„დღეს პირველი ოქტომბერია. მოგეხსენებათ, პირველ ოქტომბერს ყველაზე რთული გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა გუნდმა ექვსი წლის წინ. შევიკრიბეთ იმ მიზნით, რომ გავიხსენოთ და დღევანდელი რეალობა კიდევ ერთხელ შევაფასოთ.

სამწუხაროდ, ექვსი წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო. თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა თქვენგან მონაწილეები ხართ და თუ არ მონაწილეობდით, კარგად გახსოვთ, რაც ხდებოდა 2012 წლამდე.  2012 წლის შემდგომ როგორ თანმიმდევრულად ვცვლით ჩვენ იმ სიმახინჯეებს და ქვეყანა ვითარდება და მიგვყავს სწორი მიმართულებით, მიუხედავად ამისა, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, დღეს ის ძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას ჩვენდა სასირცხვილოდ, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება.

რაც დააშავეს თვითონ, ცდილობენ გადააბრალონ „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრაზე.

ყოფილმა პრემიერმა გაიხსენა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა  ქმედებები აგვისტოს  ომის დროს – თუ როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, უპატრონოდ დატოვეს ტყეში ჯარი და ა.შ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ბევრი დანაშაული ჰქონდა, მაგრამ თუ შევაჯამებთ და შევადარებთ ერთმანეთს, ალბათ ყველაზე დიდი დანაშაული იყო მათი პოზიცია 2008 წლის ომში. გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, უპატრონოდ დატოვეს ტყეში ცოცხალი ჯარი, სწორედ ეს თემა აქვთ წინა პლანზე წამოწეული.

ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინეს, ცდილობენ დღეს გადმოიტანონ და დააბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თავისი მოღვაწეობის პროცესში ძალიან ბევრი იზრუნა, რომ რუსულ ჯარს დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიები.

მახსოვს, თქვენც კარგად გახსოვთ ალბათ, როგორ პრინციპულობით გამოირჩეოდა სალომე ზურაბიშვილი საგარეო მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად და ოსტატურად მოახერხა მან, რომ რუსულ ჯარებს ტერიტორიები დავატოვებინეთ. ამის შემდგომ, სააკაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს გამონათქვამებში მაქვს ეს, როცა ოპოზიციაში ვიყავი, შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments