"საუბარი იმაზე, რომ მაია ოთინაშვილი კარგ პირობებშია, არასერიოზულია"


Похожее изображениеშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი  ქეთევან ციხელაშვილი მაია ოთინაშვილის დაკავების საქმეს ეხმაურება და აცხადებს,  რომ დაკავებული ქალი უნდა გათავისუფლდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „წითელ ჯვარს“ ჰქონდა დაკავებულის მონახულების შესაძლებლობა და ეს ინფორმაცია მიაწოდა ოჯახს. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ გარკვეული ინფორმაცია გავრცელდა ოსური საინფორმაციო საშუალებებითაც. რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ ის კარგ პირობებშია და ლამის კომფორტულად არის, ეს უკვე სერიოზული არ არის და ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ მაია ოთინაშვილი გათავისუფლებული იქნას რაც შეიძლება მალე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცხადია, ყველასთვის და პირველ რიგში ოჯახისათვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია და ამაზე ინფორმაცია გარკვეულწილად მიღებულია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთავარი არის ის, რომ ის იქნას გათავისუფლებული.

ასევე ჩვენი ინტერესია, რომ ადამიანებს საკუთარ სახლში და ბაღში ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა, რომ ოსებსა და ქართველებს, ამ ხელოვნური მავთულხლართებისა და ბარიკადების ორივე მხარეს, ერთმანეთთან მისვლის გზები და გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამასთან, ჩვენს ინტერესშია, რომ მსგავსი აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტები არ ხდებოდეს. ამისთვის ყველანაირი მუშაობა გაგრძელდება“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სააგენტო „სპუტნიკ ოსეტია“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ვიდეომასალა დღეს გაავრცელა. ცხინვალის მედიასაშუალებები წერენ, რომ „მაია ოთინაშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის“ , ის  ცხინვალის ციხეში ოსმა ჟურნალისტებმა მოინახულეს .მაია ოთინაშვილი ცხინვალის იზოლატორში „წითელი ჯვარის“ წარმომადგენლებმაც მოინახულეს.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.