ქართულმა საფოსტო მარკამ ევროპის მარკების კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა

ქართული მარკები საფოსტო მარკაქართული საფოსტო მარკა „EUROPA 2018 – ბესლეთის ხიდი“ ევროპის მარკების კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი გახდა. კონკურსში 57 საფოსტო მარკა მონაწილეობდა, ხმის მიცემა კი ონლაინ სპეციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა. ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს.

ევროპის საფოსტო გაერთიანების „PostEurop”-ის ეგიდით ყოველწლიურად იმართება ევროპული მარკების კონკურსი, საკონკურსო თემას PostEurop-ის მარკების და ფილატელისტების სამუშაო ჯგუფი ირჩევს.

წლევანდელი კონკურსის თემა ხიდები იყო. შესაბამისად, საქართველოს ფოსტამ კონკურსში წარადგინა ქართული საფოსტო მარკა „EUROPA 2018 – ბესლეთის ხიდი“.

მარკაზე აღბეჭდილია XII საუკუნის ქართული კულტურის მატერიალური ძეგლი ბესლეთის ხიდი, მას ასევე თამარის ხიდსაც უწოდებენ. ხიდი მდებარეობს სოხუმთან, მდინარე ბესლეთზე, ის ერთმალიანი თაღოვანი ხიდია, სიგრძე 35 მ., სიმაღლე 8 მ., ნაგებია კირქვის ფილებით დუღაბზე. თაღის ყოველ საპირე ქვაზე ამოკვეთილია ქართული ასომთავრული ასოები, ხოლო დასავლეთ კიდეზე მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა – „ქრისტე მეუფეო ყოველთა…. ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი“. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე იდგა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ასევე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიკარგა. ბესლეთის ხიდს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული ძეგლის სტატუსი.

ცნობისთვის, ევროპული მარკების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ „PostEurop“-ის წევრი ქვეყნის ეროვნული საფოსტო ოპერატორს, რომელსაც აქვს უფლება სპეციალური საფოსტო მარკის გამოცემის მაიდენტიფიცირებელი სიმბოლოთი „EUROPA“.

საქართველოს ფოსტის ცნობით, საფოსტო მარკები „EUROPA“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მარკებს წარმოადგენს, რომელიც სპეციალურად იბეჭდება ევროპის საფოსტო ოპერატორების მიერ „PostEurop“-ის ეგიდით. პირველი საფოსტო მარკა სიმბოლოთი „EUROPA“ 1956 წელს გამოიცა და სწორედ ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი ევროპული მარკების კონკურს.

image_pdfimage_print

Comments

comments