“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაიყიდა

„ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ახალი მფლობელი და დირექტორი ჰყავს„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მფლობელი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ვოლთბეი“ გახდა.

ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში უკვე აისახა. შეიცვალა კომპანიის გენერალური დირექტორიც. სანჟარ შოკატაევი ნიკოლოზ ჭიაურელმა შეცვალა.

ყაზახი ინვესტორების გასვლას წინ  „ყაზტრანსგაზის“ და  საქართველოს მთავრობას შორის არსებული საარბიტრაჟო დავის მორიგებით დასრულება უძღოდა.  ინვესტორი   187 მილიონი დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. მორიგების დროს, მთავრობამ კომპანიას არსებული დავალიანება ჩამოაწერა, თავის მხრივ ინვესტორმაც   “ყაზტრანსგაზ- თბილისი” კომპანიის წინაშე არსებული დავალიანებისგან გაათავისუფლა.

 

“საზოგადოების ინფორმირებისთვის კომპანია საჭიროდ თვლის განმარტოს, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით წილის შეძენა ყაზახური მხარის მიერ გასხვისების პროცესის ტექნიკური ნაწილის გამარტივების გამო მოხდა და ჯგუფი შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის წილის საქართველოში რეგისტრირბულ კომპანიაზე გადმოცემას უახლოვეს მომავალში განახორციელებს.

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლიდან, საქართველოს მთავრობასა და ყაზახურ კომპანიას შორის საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობდა. დავის საგანი, ყაზახური მხარის მოთხოვნის მიხედვით, ზიანის ანაზღაურება გახლდათ, რომელიც 486 მილიონ ლარს აჭარბებდა. ამასთან ერთად, იზრდებოდა შპს აზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება, რომელმაც 96 მილიონი ლარი შეადგინა. დამატებით, 2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, შპს ყაზტრანსგაზ-თბილისს, მფლობელი ყაზახური კომპანიების წინაშე, 347 მილიონ 721 ათას 491 ლარის ოდენობის დავალიანება ერიცხებოდა.

კომპანია WALTBAY LTD-ს მიერ ყაზახი ბიზნესმენებისთვის, შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის ნასყიდობათვის, წაყენებული წინაპირობა გახლდათ შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან გათავისუფლება და ყაზახი კრედიტორების მხრიდან ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის ნასესხები 347 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მოთხოვნის უფლების WALTBAY LTD -სათვის დათმობა, რაზეც ყაზახურმა მხარემ თანხმობა განაცხადა. თუმცა, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ, ყაზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების პატიების სანაცვლოდ, ყაზახური მხარისგან საერთაშორისო არბიტრაჟში არსებული საქმის საქართველოს სასარგებლოდ მორიგებით დასრულება, ხოლო კომპანია WALTBAY LTD-ს დათმობილ 347 მილიონ ლარზე მეტ მოთხოვნაზე უარის თქმა მოითხოვა, რაც საქართველოს მთავრობის განმარტებითვე, მომხმარებელთა დაცვას ემსახურებოდა. კომპანია WALTBAY LTD-მ და ყაზახმა კრედიტორებმა საქართველოს მთავრობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადეს, რის სანაცვლოდაც შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი გათავისუფლდება სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისგან.

კომპანია WALTBAY LTD მზადაა მის წინაშე არსებული გამოწვევებისა და დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობისათვის, რაც მოსახლეობის ბუნებრივი აირით ხარისხიან და უსაფრთხო მომარაგებას გულისხმობს,”- წერია ოფიციალურ  განცხადებაში.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments