კობა დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოს”

კობა დავითაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვსდღეს პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც  „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად აღიარების საკითხი განიხილეს. შეხვედრას  ესწრებოდნენ ია მეტრეველი, კობა დავითაშვილი, ნორა კვიციანი, ნანა თეთრაძე, თამაზ მოლაშვილი და სხვები. შეხვედრაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე ისაუბრეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ რეჟიმად აღიარებას ითვალისწინებს. ირმა ინაშვილის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტს მხარს 300 ათასი ადამიანი უჭერს.

ადამიანის უფელებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე მხარს უჭერს „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას.

„ბევრი ადამიანი დგას აქ, ვისი უბედურების დროსაც ჩავერთე მათ სამართლიანობის მიღწევაში. ზოგჯერ მივაღწიე, ზოგჯერ ვერ მივაღწიე. როცა ვეღარ მივაღწიე, ჯერ კიდევ დეპუტატი ვიყავი, განვაცხადე, რომ პარტიიდან მივდივარ, რადგან აღარ მინდოდა არც სააკაშვილთან, არც ბოკერიასთან და არც წამყვან ჯგუფთან ყოფნა.

ამიტომ, მიკვირს, რომ ადამიანებმა ვერ მიაღწიეს იმ სიმართლეს და ნანატრ სამართლიანობას, რომელიც მათ ეკუთვნის. ამიტომ მინდა, უმრავლესობას მივმართო – ზუსტად იმ ტალღაზე მოხვედით, რომ ადამიანის უფლებები პრიორიტეტია და უსამართლობას შეებრძოლებით. ეს ის მომენტია, როცა თქვენ შეგიძლიათ ეს თქვენი სიტყვებით დაამტკიცოთ“, – განაცხადა ელენე თევდორაძემ.

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წლიანი მმართველობის შესაფასებლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ყველა ნაყოფს უნდა მიეცეს პოლიტიკური შეფასება.

 „კომისიაში უმრავლესობა „პატრიოტთა ალიანსს” უნდა ჰქონდეს, რადგან უცნაური იქნება, „ნაციონალური მოძრაობასა” და „ევროპული საქართველოს”  უმრავლესობა მიეცეს იმ კომისიაში, რომელმაც მათი საქმიანობის შედეგები უნდა გამოიძიოს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, 9-11 წევრიანი კომისიის დასკვნის საფუძველზე „თავისუფლების აქტში“ ცვლილება უნდა შევიდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცისტურ და ფაშისტურ პარტიებს უნდა გაუთანაბრდეს.

„მათთვის გარკვეული პერიოდით სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აიკრძალოს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზად ვარ, ამაზე პასუხი ვაგო და მეც ამეკრძალოს. „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ – სჯობდა, ადრე გაკეთებულიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რადგან ადრე არ გაკეთდა, საერთოდ არ გაკეთდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

1tv.ge

 

image_pdfimage_print

Comments

comments