მიწისზედა მეტრო თბილისსა და რუსთავს დააკავშირებს


Картинки по запросу наземное метроსაქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს პროექტს იწყებს. პროექტის მიხედვით, მიწისზედა მეტრო პრველ ეტაპზე მეტროსადგურ „სამგორს“ ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დააკავშირებს.

სამშენებელო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყება. მოხდება მეტროსადგურ „სამგორის“ მოდერნიზაცია და მიწისზედა მეტროს ახალ ხაზთან დაკავშირება. სამგორი – ლილოს ბაზრობა, სამგორი – აეროპორტის ხაზებზე მეტროს ექვსი შემადგენლობა ორმხრივი მიმართულებით იმოძრავებს. მოცდის სავარაუდო დრო 10 წუთი იქნება. 2021 წლიდან 2022 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა შვიდი ახალი მეტროსადგური და სრულად განახლებული მეტროსადგური „სამგორი“.

მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისი-რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით. 2019 წელს დაგეგმილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და საექსპერტო დასკვნის მიღების შემდეგ შეირჩევა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ოპტიმალური მარშრუტი. პროექტის პირველი ფაზის, სამგორი – ლილოს მონაკვეთის განხორციელებისთვის 90 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყოფა.

თბილისის მერია ასევე დედაქალაქში ელექტრომობილების მოხმარების წახალისების ინიციატივით გამოდის.

„ელექტრომობილებს არ შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური. მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გამოყოფილი იქნება სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უფასო სადგომები, რომლებზეც სხვა ავტომანქანებს დაყენების უფლება არ ექნებათ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი განახორციელებს ელექტროდამტენების მონტაჟს. იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ ელექტრომობილები, შეუძლიათ მიმართონ გამგეობებს ან მერიას და მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლო, სადაც არის მუნიციპალური პარკინგები, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოვაწყობთ სპეციალურ დამტენებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, დედაქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომანქანა გადაადგილება, აქედან დაახლოებით 50% არის 20 წელზე მეტი ხნის ავტომობილები, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. მისივე თქმით, ყოველწლიურად ავტომობილების იმპორტი 6-7 პროცენტით იზრდება.

„ეს ძალიან ცუდი რიცხვებია და იმ ნაბიჯებით, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას და დედაქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი ელექტრომობილების შემოსვლას ქართულ ბაზარზე. ამაში იქნება ჩვენი მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მიმართულებით დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე ისაუბრა.