“ისტორიულად, კათოლიკე და მართლმადიდებელი ქრისტიანები მხარდამხარ იდგნენ საქართველოს აღმშენებლობის გზაზე” (ვიდეო)

На данном изображении может находиться: 2 человека, люди стоятსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს (საგარეო საქმეთა მინისტრს), მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა აღნიშნეს ბოლო წლებში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკის ზრდისა და განხორციელებული უმაღლესი და მაღალი და  დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობა. ამ მხრივ, განსაკუთრებული მოვლენა იყო 2016 წელს, რომის პაპის, ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტი.

შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ვიზიტების მზარდ დინამიკაზე. მან  ასევე ისაუბრა წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის არსებულ საუკუნოვან კავშირებზე, მათ შორის აღნიშნა, რომ წმინდა საყდრიდან საქართველოში პირველი ვიზიტი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში განხორციელდა.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე მუდმივად ვგრძნობთ წმინდა საყდრის მტკიცე მხარდაჭერას. გვახსოვს გვერდში დგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის პირობებშიც, მათ შორის, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს და მის შემდეგ. მადლობას გიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მსურს, ასევე ხაზი გავუსვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს, რასაც კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობა წარმოადგენს. უაღრესად მადლიერები ვართ საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოს მხრიდან მრავალი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის.“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, როგორც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედსა და ქართველი ხალხის შეუქცევად არჩევანზე.

 „ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენიც სწორედ ქრისტიანობიდან მომდინარეობს, რადგან საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და ჩვენი ცივილიზაცია, ისევე როგორც მრავალი ევროპული ქვეყნის ცივილიზაცია, წარმოიშვა და განვითარდა „ქრისტიანულ ფესვებზე”. ისტორიულად, კათოლიკე და მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთმანეთის მხარდამხარ იდგნენ საქართველოს აღმშენებლობის გზაზე. ქართველმა კათოლიკეებმა – სულხან-საბა ორბელიანმა, მიხეილ თამარაშვილმა, მიხეილ თარხნიშვილმა, პეტრე ხარისჭირაშვილმა, ძმებმა ზუბალაშვილებმა, ზაქარია ფალიაშვილმა, სტეფანე და პეტრე მელიქიშვილებმა, სიმონ ყაუხჩიშვილმა, პეტრე ოცხელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოში კულტურის, განათლების და მეცნიერების  განვითარებაში.“ – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც არქიბიშოპ პოლ რიჩარდ გალაჰერმა განაცხადა, ვატიკანი საქართველოს ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერების გზაზე მხარს უჭერს. გალაჰერის თქმით, საქართველოში პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავზე ვიზიტი, ვატიკანსა და საქართველოს შორის მეგობრობასა და კარგ ურთიერთობებზე მიუთითებს.

არქიბიშოპის განცხადებით, წმინდა საყდარი კავკასიის რეგიონის რელიგიურ და პოლიტიკურ მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება და მხარს უჭერს. მისი თქმით, წმინდა საყდარი აღიარებს იმ წვლილს, რაც საქართველომ ევროპასთან ურთიერთობების გასაძლიერებლად უკვე გააკეთა. მან ასევე განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და ამის გამო წუხილი გამოთქვა.

“წმინდა საყდარი გულისტკივილს გამოვთქვამთ ტკივილის გამო, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით დევნილებმა განიცადეს. გვსურს, ხაზი გავუსვათ, რამდენად დამაზიანებელია ერთა თანაცხოვრებისთვის თითოეული კონფლიქტი და რამდენად მნიშვნელოვანია მათი მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრება”, – თქვა რქიბიშოპ პოლ რიჩარდ გალაჰერმა და დასძინა, რომ საქართველოს საზღვრები, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობით არის აღიარებული, ვატიკანისთვის უცვლელი რჩება.

“ასევე, ძალაშია რომის პაპის 2016 წლის განცხადება, რომელიც მან თბილისში გააკეთა, სადაც ის აცხადებს, რომ მშვიდობიანი თანაარსებობა რეგიონის ქვეყნებს შორის მზარდ ურთიერთპატივისცემასა და ყურადღებას მოითხოვს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში აღიარებული თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებებს ვერ დაჩრდილავს. წმინდა საყდრის სახელით, ქვეყანას აყვავებას, მშვიდობასა და ღვთის ლოცვას ვუსურვებ”, – განაცხადა წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. მთავარეპისკოპოსი გალაჰერი ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. ასევე პოლ რიჩარდ გალაჰერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს შეხვედრას, რომელსაც დაესწრებიან სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი მცხეთაში მოინახულებს სვეტიცხოვლის ტაძარს და ჯვრის მონასტერს.

image_pdfimage_print

Comments

comments