“ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური”

Картинки по запросу კობახიძეპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს,რომ  არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეყანაში პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარებას ხელი უნდა შეუწყონ.

„დიდ ყურადღებას ვუთმობთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ურთიერთობას სამოქალაქო საზოგადოებასთან და თქვენ ხედავთ, რომ ამ კუთხით, ჩვენ 2012 წლიდან გვაქვს ძალიან დიდი წინსვლა და პროგრესი. მომავალშიც, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას. არის, მხოლოდ და მხოლოდ, გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვითხოვთ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ეს წითელი ხაზები დაკავშირებულია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან.

ბუნებრივია, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. ჩვენ ვნახეთ, რამდენიმე ფაქტი, როდესაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები მონაწილეობას იღებდნენ კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, რაც არის, წითელი ხაზის გადაკვეთა. ეს არ ეხება მთლიანად სამოქალაქო სექტორს, მაგრამ ეხება კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპების დაცვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო კულტურის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევასაც. მისი თქმით, დღეს სისტემურ გადაცდომებზე საუბარი გამორიცხულია და თუ არის რამე კონკრეტული გადაცდომა, მმართველ გუნდს აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება.

„რაც შეეხება ზეწოლას, აქ არის ნულოვანი მდგომარეობა და მე არ ვიცი, ზუსტად რას გულისხმობენ ისინი ამაში. რაც შეეხება სხვა დარღვევებს, დარღვევები ყველა არჩევნებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში არის დამახასიათებელი, მთავარია, რომ ამან სისტემური ხასიათი არ შეიძინოს.

ჩვენ გვახსოვს ვითარება 2012 წელს და უფრო მანამდეც, როდესაც სისტემური იყო ის დარღვევები, რომლებსაც ჩადიოდა მაშინ ხელისუფლება. დღეს გამორიცხულია საუბარი რაიმე სისტემურ დარღვევებზე, თუ არის კონკრეტული გადაცდომები, ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ინფორმაცია, ვნახოთ კონკრეტული მტკიცებულებები და ამ შემთხვევაში, გვექნება აუცილებლად შესაბამისი რეაგირება. ვითხოვთ მტკიცებულებებს, რათა გვქონდეს რეაქცია ამაზე, რეაგირება ამაზე. გარწმუნებთ, რომ რეაგირება იქნება ადეკვატური და შესაბამისი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments