26 მაისის საქმის მოწმე:”ყველას ესროდნენ, იყო ცემა, ხელკეტის დარტყმა, გასასვლელი არ იყო”

26 მაისის საქმის მოწმე - სპეცრაზმელები ყველას ესროდნენ, ხალხი გასასვლელს ეძებდა, მაგრამ არ იყო26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდების მხარემ დღეს ერთი მოწმე, ლევან ღლონტი დაკითხა. მან 26 მაისს განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა.

როგორც ლევან ღლონტმა აღნიშნა, აქციის მონაწილეებს გასასვლელი ყველა მხრიდან დაუკეტეს, რის გამოც ხალხი ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებდა.

„როდესაც 12 საათი გახდა, „ვარდების მოედნის“ მხრიდან წამოსულმა პოლიციელებმა დაიწყეს სროლა. იყო ხმოვანი ტექნიკა, გამოიყენეს წყლის ჭავლი, გაზი გაუშვეს, რეზინის ტყვიებს გვესროდნენ. აქციის მონაწილეებში დაიწყო პანიკა. ხალხი მიაწვა კედელს და გარღვევას ცდილობდა.

ვეცადე, კინო „რუსთაველის“ მხარეს წავსულიყავი. შევედი კინოთეატრის შენობაში, სადაც ასევე სპეცრაზმი დაგვხვდა. სრული ქაოსი იყო. მინები დამტვრეული. გამოვედი და „თავისუფლების მოედნის“ მიმართულებით წავედი, სადაც ორი სპეცრაზმელი დამხვდა. ვთხოვე, რომ არ ესროლათ, რადგან ძალიან ახლოს იდგნენ, მაგრამ ცხრა ტყვია მესროლეს, საიდანაც ექვსი მომხვდა. ამ ექვსიდან სამი შემავალი ჭრილობა აღმოჩნდა.

შემდეგ ხელკეტით მუხლებში ჩამარტყეს, ხელბორკილები დამადეს და იქვე ნაცემ ხალხთან მიმიყვანეს, რომლებიც თივის ზვინივით ჰყავდათ დახვავებული და მეც იქ მიმაგდეს. ყველას ესროდნენ, იყო ცემა, ხელკეტის დარტყმა. გასასვლელი არ იყო. ხალხი წრეზე დარბოდა, რომ გასასვლელი ეპოვა, მაგრამ არ იყო“, – განაცხადა ლევან ღლონტმა.

როგორც მოწმემ სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, რუსთაველის გამზირიდან ჯერ მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს, იქიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში და შემდეგ ისევ სამმართველოში დააბრუნეს.

„ამის შემდეგ მთავარ სამმართველოში გადაგვიყვანეს. იქ იყო დიდი გოდება და ტირილი. დილით უკვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადამიყვანეს ჭრილობების დასამუშავებლად. რესპუბლიკურიდან ისევ სამმართველოში დამაბრუნეს და შემდეგ მკითხეს, სად წაგიყვანოთ და დაგტოვოთო და ვუთხარი, გაგარინზე მივეყვანე. გაგარინზე მიმიყვანეს და დამტოვეს.

მომიტინგეები მხოლოდ თავს იცავდნენ, რამე კანონსაწინააღმდეგო მომიტინგეების მხრიდან არ მინახავს. ჭრილობები მქონდა მთელს სხეულზე, ჭრილობა მქონდა ასევე შუბლის არეში.10 დღის მერე ჩემი ხელით ამოვიღე სხეულიდან რეზინის სამი ტყვია. ეს ტყვიები რესპუბლიკურში არ ამოუღიათ, სხეულში მქონდა ჩარჩენილი“, – განაცხადა ლევან ღლონტმა.

როგორც მან სასამართლოში განაცხადა, სპეცრაზმელები ნიღბებით იყვნენ, ამიტომ ვერავის ამოცნობას ვერ შეძლებს.

“ვერავის ვერ ამოვიცნობ. ყველა ნიღბებში იყო. ჩემთვის ბრალი არავის წაუყენებია. არც არავის არაფერი განუმარტავს. აქციაზე ჩემი გასვლის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ 7 ნოემბრის აქციის დარბევის დროს მამა მძიმედ დამიჭრეს და ამაზე პროტესტის გრძნობის გამო გავედი მაისის აქციებზე“, – განაცხადა ლევან ღლონტმა.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments