“თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ნამდვილი გმირია“ – პრემიერი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

მამუკა ბახტაძე - თითოეული მეხანძრე-მაშველი ჩვენთვის ნამდვილი გმირიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობასთან შეხვედრა გამართა.

” საგანგებო სიტუაციების სამსახურის განვითარებას ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა; ჩვენ გავზარდეთ უწყების ბიუჯეტი და 2020 წლამდე თბილისი ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანებით დაკომპლექტდება”–აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, 2022 წლის დასაწყისამდე სამსახურს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ჰქონდეს სრულად განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოძრავი საშუალებები და ახალი ტექნიკა.

მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიისას სამაშველო სამუშაოების მონაწილე სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას და გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„თქვენ სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეთ ჩვენი 3 მოქალაქე. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახს და მთელს საქართველოს ეს უზარმაზარი ტრაგედია. ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თქვენი სამსახურის განვითარებას.

ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისა და რიგითი მოქალაქისთვის აუცილებელია, თითოეულ მოქალაქეს ყოველთვის ჰქონდეს განცდა, რომ როდესაც იქნება განსაცდელსათუ გასაჭირში, არსებობენ გმირები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან, მათ ოპერატიულად დაეხმარონ. მსურს, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი ვაჟკაცობისა და სამშობლოსთვის თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ნამდვილი გმირია“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას.

შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი შალვა ხუციშვილი დაესწრო.

image_pdfimage_print

Comments

comments